ცესკოს წევრებთან ერთად, იარაღის ტარების უფლება უსკოს წევრებსაც ექნებათ – ამის შესახებ იარაღის შესახებ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის.
“[იარაღის შესახებ კანონში] დამატება შევიდა მეორე მოსმენის შემდეგ, რადგან ცესკოს წევრებისთვის ვაწესებთ იარაღის ტარების უფლებას, […] ვამატებთ, რომ უსკო-ს წევრებსაც ჰქონდეთ ეს უფლება იმავე პირობებით, რომ ბოლო ოთხი წელი მაინც უწყვეტად უნდა ჰქონდეთ ნამსახურები და მათ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ უნდა იყოს დადასტურებული სასამართლო გადაწყვეტილებით. მუხლს ემატება ჩანაწერი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრს” – ამბობს მიქანაძე.
ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება ექნებათ. ცვლილება იარაღის შესახებ კანონში შედის.
დოკუმენტის მიხედვით, “კანონპროექტის მიზანია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, მათი მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, იარაღის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა პირების მსგავსად, მიეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება”.
პროექტის ავტორები არიან – გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.