ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას. ის ამ პროცესს სტალინურ სასამართლოს ადარებს.
საუბარია კომისიაზე, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობა უნდა “გამოიძიოს”. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვისაც გამოძახებასაც ამ კომისიაზე აპირებენ სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილია.
“რუსულმა რეჟიმმა პირველი დამასახელა სტალინურ სასამართლოზე გამოძახებულთა შორის. პატივია. რეჟიმი იმთავითვე იყო ვარდების რევოლუციის კონტ-რევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი 3-წლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომმა ვერ წაშალა სიტყვები “აღსრულდა ნება ქართველის ერისა…”, ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტ-რევოლუცია ვარდების რევოლუციის მონაპოვარს”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ 2013 წელსვე, როდესაც ასევე აბსურდული “ბრალდებით” დააპატიმრეს და 9 თვე სასამართლოში ატარეს, იცოდა, რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე.
“მაგრამ არსად წავსულვარ. არც ახლა ვაპირებ. ჩემს მიმართ ახლანდელ, ასევე აბსურდულ „ბრალდებას“ პასუხი გაეცა 2004 წლის 6 მაისს. და პასუხი გაეცემა ისტორიით, რომელიც ახლა იწერება.
ამ სტალინური სასამართლოს ნიადაგის შექმნაში, სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა არაა ჩართული. ყველა “ქოცი=ნაცი” ტიპის მესიჯი, თუნდაც ხუმრობით დაწერილი ფბ-ზე, ასევე ემსახურება რეჟიმის მიერ ისტორიის გადაწერას. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა ვარდების რევოლუციის ღირსებად. “ესენი იმათზე უარესები არიან” და მსგავს შემადარებელ მესიჯებს მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში უკვე 12 წელია და აცოცხლებს რეჟიმის პროპაგანდას.
არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს “პარლამენტი” არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია.
სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც 38-ე და 33-ე დღეა შიმშილობენ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ახობაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს. როდესაც აღარ მოგვერიდება პოლიტპატიმრების პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიის მიხედვით დახარისხება და საჯაროდ ხსენება, მაშინ ვიქნებით საკმარის მორალურ სიმაღლეზე, რომ რეჟიმი ჩვენს ფეხებთან დაიმსხვრეს. ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფლებას! საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილი 2005 წელს ცესკოს ხელმძღვანელობდა და სწორედ ამის გამო იბარებენ კომისიაზე. თეა წულუკიანი იმ ადამიანებს, ვისაც სხდომაზე დაიბარებენ ასევე დაემუქრა კანონმდებლობით და ურჩია “არ ეთამაშონ ცეცხლს”.
“ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – თქვა მან.
