ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც.
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
ჯერჯერობით ინციდენტის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა.
რადიო თავისუფლება ცდილობს სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას დამატებითი ცნობების მისაღებად. ასევე, ელის პასუხის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა, – რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი, საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და დასავლელი მოკავშირეების ნაწილის მსგავსად, არ ცნობს, – ხელი მოაწერა ცვლილებებს სახელმწიფო დაცვის კანონში. ამ ცვლილებების საფუძველზე სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს.
„რა უკვირს“? – „ოცნება“
მოგვიანებით, 18 თებერვლის დილასვე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ზურაბიშვილს უწოდა „პოლიტიკურად ნული“, რომელიც „აგრძელებს სამშობლოს ღალატს“ და მისთვის საზოგადოებისგან „პასუხის გაცემა“ „გასაგებია“:
„დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა. საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია. ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: „მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს“.
„არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა“?! – განაცხადა მან.
17 თებერვალსვე, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა:
„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.
გახარიას ეპიზოდი
წინა დღეს, 17 თებერვალს, აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს ესროლეს კვერცხები.
ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.
გახარიას პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ბექა ლილუაშვილმა, თქვეს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული. პარტიაში ამბობენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციამ უმოქმედობით ამ პროცესს ხელი შეუწყო.
შენიშვნა: ინფორმაცია დაზუსტებული ცნობებით და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებით განახლდა
