სართიჭალის მცხოვრებს ეზოში მანქანა დაუწვეს – კრიმინალური შემთხვევა, სავარაუდოდ, თანხის გამოძალვას უკავშირდება

გასულ ღამეს სართიჭალის მცხოვრებს ეზოში მანქანა დაუწვეს – TV პირველის გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შედის უცნობი პირი საცხოვრებელი სახლის ეზოში და ავტომობილს ცეცხლს უკიდებს. კრიმინალური შემთხვევა, სავარაუდოდ, თანხის გამოძალვას უკავშირდება.

“ორი წელიწადია ასეთი ამბები ხდება, ვისაც ცოტა ფული აქვს, რეკავენ, ამდენი უნდა გადაიხადო. ახდევინებენ ხალხს ფულს, რეაგირება არანაირი არ არის მთავრობის მხრიდან ამისწინ სახლი დაუცხრილეს ერთს, კიდევ ერთი მაღაზია, ჭიშკარი დაუცხრილეს ერთს. 100%-იანი [ოცნებასთან დაახლოებული პირია]. […] არჩევნებზე ეუბნებოდნენ, კაცი არ მოკლა, დანარჩენი, რაც გინდა გააკეთე, ხალხი გადმოიყვანე ჩვენ მხარეს. არჩევნებზე სახლებში შედიოდნენ, ფულს უხდიდნენ და ისე გამოჰყავდათ ხალხი, ხმა მოგვეციო” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი TV პირველთან.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 187 და 181-ე მუხლებით, რომლებიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გამოძალვას გულისხმობს.