„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, რომელიც დღეს, 17 თებერვალს, დაფუძნდა, მანიფესტს ავრცელებს.
როგორც მანიფესტშია ნათქვამი, დემოკრატია ვერ იქნება, თუ ის არ იქნა სოციალური.
ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ ახალი მოძროაბის მანიფესტს:
„დღეს ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. უსამართლობის, უიმედობის, უხმობის, ძალადობის პირისპირ, ჩვენი ბრაზი ზრუნვად ვაქციეთ, ტკივილი – თანადგომად და შრომად. ვდგავართ ყოვლისმომცველი გარდაქმნის გზაზე, რომლის ჰორიზონტზეც ვხედავთ მომავალ ქვეყანას.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც ერთმანეთის გარიყვის, სიძულვილისა და შიშის ნაცვლად, ერთად ვაშენებთ თანასწორ საზოგადოებას;
სადაც ყველა ადამიანი მონაწილეობს ქვეყნის ბედის განსაზღვრაში და მოქალაქეები დემოკრატიას ყოველდღიური ჩართულობით ქმნიან;
სადაც პოლიტიკაზე აღარ ბატონობს დიდი ფული, სიცრუე და პროპაგანდა, ხოლო ხელისუფლება, მდიდარი ერთეულების სადარაჯოზე ყოფნის ნაცვლად, ხალხის ნებას ექვემდებარება;
ქვეყანას, სადაც მოსამართლის განაჩენი შვილს არ მოსწყვეტს ავადმყოფ მშობელს; სადაც კანონი ერთნაირად დაიცავს სუსტსა და ძლიერს;
სადაც ცენტრში თავმოყრილი ძალაუფლება თანაბრად ნაწილდება და ჩვენ საკუთარ ქალაქებს, კუთხეებსა თუ სოფლებს თავადვე ვმართავთ.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც ბავშვები არასდროს შიმშილობენ;
სადაც სწავლის გადასახადისთვის უღირს სამუშაო პირობებზე არავის გვიწევს დათანხმება; სადაც სახლებიდან არ გვასახლებენ;
სადაც მოხუცები დაფასებულნი არიან, ღირსეული პენსიით, უზრუნველი სიბერით;
სადაც ვშრომობთ არა გადარჩენისთვის, არამედ განვითარებისთვის, და შრომის სიმძიმე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად არ გვიჯდება;
სადაც არავის უწევს ვალის აღება მკურნალობისთვის და ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია;
ვხედავთ ქვეყანას, საიდანაც ლუკმა-პურისა და უსაფრთხოების საძიებლად აღარავინ მიდის ემიგრაციაში;
ვხედავთ ქვეყანას, სადაც ყველა მოქალაქე დაცულია განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სექსუალობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსისა;
სადაც წამალდამოკიდებულებას, ალკოჰოლიზმსა და აზარტულ თამაშებს არ ეწირება ახალგაზრდობა.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც არც ხარისხიანი განათლებაა პრივილეგია და არც ხელოვნება; სადაც ტრადიციით გადმოცემული სიბრძნე ახალ ცოდნად გადაიქცევა.
ვხედავთ ქვეყანას, სადაც მავთულხლართები ჩვენს ეზოებს აღარ გაყოფენ;
სადაც კულტურის ძეგლები აღარ შეეწირება გულგრილობასა და სიხარბეს; სადაც მშობლიურ სოფლებსა და ბუნებას პირადი სარგებლისთვის ვერავინ მოგვტაცებს.
ვხედავთ თავისუფალ მდინარეებს, ნაყოფიერ მიწებსა და თვალუწვდენელ სიმწვანეს, ქალების ხორუმს, მრავალხმიანობას.
ასეთი ქვეყანა მხოლოდ დემოკრატიაში იქნება შესაძლებელი. მაგრამ დემოკრატია ვერ იქნება, თუ ის არ იქნა სოციალური.
აქამდე, დემოკრატია მარტო არჩევნებზე ხმის მიცემას გულისხმობდა. დემოკრატია უნდა იქცეს ყველას ერთობლივ, ყოველდღიურ სამუშაოდ. ამისთვის კი საჭიროა, ყველას გვქონდეს ღირსეული საარსებო პირობები – სათანადო საკვები, საცხოვრებელი, სამუშაო, განათლება და ჯანდაცვა. ღირსეული საარსებო პირობებისთვის ბრძოლა უნდა გადაიქცეს შრომად საერთო კეთილდღეობისთვის. მთლიანად უნდა შეიცვალოს წესრიგი, რომელიც მხოლოდ სიღარიბესა და უთანასწორობას წარმოშობს და მოქალაქეს აუძლურებს.
ამ სწრაფვას „სოციალ-დემოკრატიას“ ეძახდნენ რუსეთის იმპერიასთან მებრძოლი ჩვენი წინაპრები. პირველი რესპუბლიკის სახით მათ გვიანდერძეს იმის ცოცხალი მაგალითი, რომ სოციალიზმი და დემოკრატია განუყოფელია. საბჭოთა ანექსიამ პირველ რესპუბლიკასთან ერთად ეს რწმენაც შეიწირა და დაგვიტოვა სოციალიზმი დემოკრატიის გარეშე.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ისტორია ჩვენი ხალხის, ბუნებისა და საბჭოთა ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული ძარცვის ქრონიკაა. მთელი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ამ ისტორიის თანაშემოქმედი ადამიანებისგან შედგება და ამიტომაც ვერ გვთავაზობენ გამოსავალს. ამ ელიტიდან გამოსული ყველა ხელისუფლება, მათივე ანტისოციალური ბუნების გამო, საბოლოოდ ავტორიტარიზმად გადაგვარდა და ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად აქცია ხალხის ერთმანეთზე წაკიდება.
წინა რეჟიმი „თავისუფლების“ სახელით წირავდა ხალხის ნაწილს უთანასწორობისთვის და უთელავდა ღირსებას. ქართული ოცნება „ეროვნული თვითმყოფადობის“ ნიღბით გვიქმნის მტრის ხატებს, აკანონებს ტერორს, „მშვიდობის“ სახელით უსამართლობასთან შეგუებას გვაიძულებს.
ამ ყველაფრის გასამართლებლად ქვეყანას დაპატრონებული ოლიგარქი მიგვითითებს, რომ არაფრითაა ნაკლები მსოფლიოს ოლიგარქებზე, ვინც წესად აქცია ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა, ბუნების ბოლომდე განადგურება, საერთაშორისო სამართლის რღვევა. ამიტომაც ეძებს ქართული ოცნება დასაყრდენს მსოფლიოს ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის, რაც, საბოლოოდ, უმწეოს გვტოვებს რუსეთის იმპერიული ზრახვების პირისპირ.
ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს ბატონ-პატრონების ლოდინს, რომ მათ ჩვენი პატარა ქვეყნის ბედი გადაგვიწყვიტონ. სამოქალაქო მშვიდობასაც და უსაფრთხოებასაც სჭირდება ძლიერი მოქალაქეების ერთობა, საღი აზრი და ერთმანეთზე ზრუნვა – ჩვენ გვჭირდება სოციალური დემოკრატია! დღევანდელ მსოფლიო ვითარებაში კი, ასეთი სახელმწიფოს შენება მარტო ევროპულ წიაღში მოხერხდება – და ისიც მხოლოდ ჩვენივე შრომით, ჩვენივე ძალისხმევით.
ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს.
ვხვდებით ერთმანეთს.
ვდგავართ მხარდამხარ.
ვიწყებთ მოძრაობას
სოციალური დემოკრატიისათვის!“, – ნათქვამია მანიფესტში.
როგორც ახალი მოძროაბის დამფუძნებლები აცხადებენ, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ არ არის სპონტანური ინიციატივა. მათი თქმით, არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
ამ ეტაპზე მოძრაობა 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც იზიარებს მის ღირებულებებსა და პრინციპებს”
