ლაშა ოთხმეზური – სილის გაწვნის მოკლე ისტორია ბეატე კლარსფელდიდან მზია ამაღლობელამდე

საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს ლაშა ოთხმეზურის წერილს – “სილის გაწვნის მოკლე ისტორია ბეატე კლარსფელდიდან მზია ამაღლობელამდე”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სილის გაწნა არის სიმბოლურად ძალიან დამუხტული, ყოველთვის დრამატიზებული, ზოგჯერ თეატრალური ჟესტი, რომლის ფუნქცია არა ტკივილის მიყენება, არამედ დამცირებაა. ამის გამო ეს ჟესტი საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა განსაკუთრებულ სტატუსს. მე-20 საუკუნემდე საჯარო სილა იყო სისხლიანი დუელის გამომწვევი მიზეზი. დუელის დაწყების სიგნალსაც, ჩვეულებრივ, შეურაცხყოფილის ხელთათმანით აძლევდნენ.

მეოცე საუკუნეში სისხლიანი დუელი პოლიტიკურმა ჩაანაცვლა. ასე რომ, სილის გაწნა უკვე დიდი ხანია, რაც უაღრესად პოლიტიკურ ჟესტად იქცა.

პატრიარქალურ-ავტორიტარულ საზოგადოებაში ქალის მიერ გაწნულ პოლიტიკურ სილას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მე პირადად მქონდა პატივი ერთ-ერთ ასეთ სიმამაცით გამორჩეულ ამორძალ ქალთან, ელენა ბონერთან ნაცნობობისა. ელენა ბონერისათვის კგბ-ს ოფიცრებისათვის აქა-იქ სილის გაწნა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის ჩვეულებრივი ატრიბუტი გახლდათ. სხვათა შორის, კგბ-ს ოფიცრებისათვის სილის გაწვნისათვის საბჭოთა სასამართლო მას მხოლოდ 30 მანეთით აჯარიმებდა და ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ ბონერი ყოველთვის ახერხებდა დამცირებული ოფიცრისათვის ეთქვა, რომ 30 მანეთი სულ არ ეძვირებოდა, როცა საქმე ასეთ დიდ სიამოვნებას ეხებოდა.

თუმცა ელენა ბონერის სილა ყოველთვის სპონტანური იყო. უფრო საინტერესოა გერმანელ-ფრანგ ჟურნალისტ ბეატე კლარსფელდის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, როცა 29 წლის ახალგაზრდა ქალი სილას გააწნავს დასავლეთ გერმანიის კანცლერ კურტ გეორგ კიზინგერს.

1968 წლის 2 ნოემბერს, ვერმახტის ჯარისკაცის ქალიშვილმა ბეატე კლარსფელდმა, პარიზში ქმარს დაუტოვა სამი წლის შვილი, თვითონ კი ბერლინში გაემგზავრა ერთადერთი მისიით – როგორმე მოხვედრილიყო გერმანიის კანცლერის გარემოცვაში, რათა სილა გაეწნა მისთვის.

ბერლინში გამგზავრებამდე – ვაითუ მცდელობა ფატალურად დამთავრებულიყო – ბეატე მოკლე აუდიოანდერძს ჩაწერს: კანცლერ კიზინგერისთვის სილის გაწვნით მინდოდა მეჩვენებინა, რომ გერმანელი ხალხის ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა, აღშფოთებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სათავეში ნაცისტის ყოფნით, ადამიანისა, რომელიც ჰიტლერის საზღვარგარეთ პროპაგანდის ხელმძღვანელის მოადგილე იყო („საგარეო საქმეთა გებელსი“ კურტ გეორგ კიზინგერის მეტსახელი იყო მესამე რაიხში).

7 ნოემბერს, ბეატე კლარსფელდი, ყალბი პრესის ბარათის საშუალებით მოახერხებს შეაღწიოს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელშიც მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის კანცლერი კურტ გეორგ კიზინგერი. გამხდარი, სუსტი აღნაგობის ბეატე მიუახლოვდება 1,90 სიმაღლის ამ ახოვან 65 წლის მამაკაცს და ყვირილით „კიზინგერ, ნაცისტო, გადადექი“, სილას გააწნავს მას. ბეატე კლარსფელდის სასამართლო პროცესი გაიმართება 8 ნოემბერს. მას მიუსჯიან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას და… იმავე დღეს გაათავისუფლებენ. სასამართლო დარბაზიდან ბეატე გაეშურება პირდაპირ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც მას ათასობით სტუდენტი ოვაციით შეხვდება, რაც პირველი ნიშანი იქნება იმისა, რომ ახალგაზრდებისათვის კლარსფელდი ნაციზმის გადმონაშთებთან ბრძოლის სიმბოლო ხდებოდა.

„მე არ ვუჩივი ქალბატონებს, რომლებიც ხელს მირტყამენ“, განაცხადებს კიზინგერი და ამ ინციდენტის მიჩქმალვას შეეცდება. მიუხედავად ამისა ბეატე კლარსფელდის სილა ეროვნული მასშტაბის ვნებათაღელვას გამოიწვევს: „თუ კაცს სურს შეურაცხყოს არა პირადად ადამიანი, არამედ კანცლერის თანამდებობა, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სილის გაწნა. სილას სიმბოლური ძალა აქვს. (…) პანჩურის ამორტყმას კი ეს სიმბოლურობა აკლია“, – დაწერს მეორე დღეს ჟურნალი „შტერნი“.

„წარსულში სილა დუელის საფუძველს წარმოადგენდა და ძალიან ძველმოდურ წრეებში დღემდე ასე განიხილება. ალბათ ქალბატონი კლარსფელდიც ამ ორთაბრძოლაზე ფიქრობდა“, დაწერს სებასტიან ჰაფნერი, იმ პერიოდის გერმანიის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი და ჰიტლერის ყველაზე ორიგინალური ბიოგრაფიის ავტორი.

მალე ჟურნალისტებს და ისტორიკოსებს მწერლებიც დაემატებიან: ბეატე კლარსფელდის სილა მიზეზი გახდება იმ პერიოდის ორ ყველაზე ცნობილ მწერალს – გიუნტერ გრასსა და ჰაინრიხ ბიოლს – შორის დებატებისა. ჩვენ არ მოვისურვეთ, თვალი გაგვესწორებინა იმ ფაქტისთვის, რომ კიზინგერის კანცელარიაში ყოფნის ყოველი დღე არის სილის გაწნა ნაციზმის მსხვერპლისათვის. ამიტომაც პარიზიდან ახალგაზრდა ქალი ჩამოვიდა და სილა გააწნა კანცლერს. (…) და მაინც, ამ აქტისათვის მე ბეატე კლარსფელდს ყვავილების თაიგულს არ გავუგზავნიდი, – განაცხადებს გიუნტერ გრასი კარლ ფონ ოსიეცკის სახელობის პრიზის მიღების ცერემონიაზე (ნობელის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი კარლ ფონ ოსიეცკი გახლდათ ნაციზმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი და ამიტომაც გრასის შეფარული კრიტიკა განსაკუთრებით უადგილო ჩანდა). გიუნტერ გრასის საპასუხოდ ჰაინრიხ ბიოლი გაზეთ „ცაიტში“ გამოაქვეყნებს სტატიას სათაურით „ყვავილები ბეატე კლარსფელდისათვის“: გიუნტერ გრასმა, მოსამართლის მბრძანებლური ტონით განაცხადა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რომ ვარდები გაეგზავნა ბეატე კლარსფელდისთვის. მისი ეს განცხადება მეჩვენება საკმაოდ თავხედურად, უხერხულად და თან სრულიად უადგილოდ. მაინტერესებს, გიუნტერ გრასის გადასაწყვეტია, მაქვს თუ არა უფლება, ქალბატონს ყვავილები გავუგზავნო? რა თქმა უნდა მე მაქვს ამის უფლება (…) და პარიზში დაბრუნებულ ბეატე კლარსფელდს სახლში დახვდება ჰაინრიხ ბიოლისგან გაგზავნილი თაიგული წარწერით „დიდი მადლობა“.

ბეატე კლარსფელდის ეს სილა გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც თვით სუბიექტის, ისე ობიექტის ცხოვრებაში: 7 ნოემბრის ინციდენტის მერე კიზინგერი ვერცერთ საერთაშორისო ფორუმზე ვერ ჩნდებოდა ისე, რომ ვინმეს მისთვის არ ეყვირა „ნაცისტო, გადადექი“. და ძალიან მალე ის ძალაუფლებასაც დაკარგავს. ბეატე კლარსფელდი კი ამ სილის მერე მთელ მსოფლიოში ნაცისტებზე მონადირე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწევარი გახდება. ბეატეს ეს ნადირობა ოცდაათ წელზე მეტხანს გასტანს და ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მონადირედ შევა. 2018 წელს, სილის გაწვნიდან 50 წლის თავზე, პარიზის შოას (ჰოლოკოსტის) მუზეუმი გამოფენას მიუძღვნის ბეატე კლარსფელდსა და მის მეუღლე სერჟს, მათი წვლილისათვის ნაციზმის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორ თვეზე მეტია, რაც მზია ამაღლობელი ციხეშია და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება იმ ჟესტისთვის, რომლისთვისაც საბჭოთა სასამართლო 30 მანეთზეც ყაბულს იყო (ყოფილი ნაცისტებით გატენილ დასავლეთ გერმანიის სასამართლოზე აღარაფერს ვამბობ…). რა არის ამის მიზეზი? ან რატომ არ ეყო ჭკუა თვით მამრ დგებუაძეს, რომ კიზინგერივით საქმე მიეჩქმალა? ბევრ მიზეზს შორის, რომელიც ზოგადად ავტორიტარული რეჟიმისა და მისი რეპრესიული მანქანისათვის არის დამახასიათებელი, მე მგონი არის ერთი სპეციფიკურად ქართულიც: პატრიარქალურ საზოგადოებაში, მამრ ინდივიდს განსაკუთრებული სტატუსი უნდა გააჩნდეს. სტატუსის შებღალვისას კი მამრი მისდაუნებურად უპირისპირდება საკუთარ კლანს, რომელიც მას მოკვეთით ან გარიყვით ემუქრება. ასეთ თემში სუსტად ან მშიშარად აღქმის უზენაესი შიში მამრისთვის იძენს ეგზისტენციალურ მნიშვნელობას. სწორედ რომ ამ შიშით შეიძლება აიხსნას მხდალ მამრ დგებუაძის რეაქცია მზია ამაღლობელის სილაზე.

ასეა თუ ისე, პატრიარქალურ საზოგადოებაში მხდალი მამრების მიერ ნაფურთხი გულადი ქალების ისტორია თუ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ და საზიზღარ ფურცლად რჩება, „სუსტი“ ამორძალების მიერ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ სილის გაწვნით დამცირება მსოფლიო მატიანის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელს წარმოადგენს.

ამიტომაც, დღეს საქართველოში სახალხო ბრძოლას აქვს სახე და ეს სახე მზია ამაღლობელია. ერთადერთი საკითხავი რჩება როდის და რომელი მუზეუმი მიუძღვნის გამოფენას იმ უთანასწორო ჭიდილს, რომელსაც დღეს მზია ამაღლობელი განასახიერებს.

ჰო, და რაც მთავარია, როგორც ინგლისელები იტყვიან, last but not least: ყვავილები მზია ამაღლობელისათვის, ყვავილები წარწერით „დიდი მადლობა“ არ დაგავიწყდეთ…

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.