შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში.
კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება.
ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელსაც „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
გინება, ცემა, ფურთხება, უარი წყლის მიწოდებასა და საპირფარეშოთი სარგებლობაზე ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების ჩამონათვალშია, თუმცა გამოძიება მის წინააღმდეგ არა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
ხათუნა ხოფერია ასევე წერს, რომ ირაკლი დგებუაძე მისი შვილის, ბექა ხოფერიას მეგობარია. საინტერესოა ისიც, რომ შპს „ალპეკა ბათუმის“ ადმინისტრაციული დირექტორია თათა დგებუაძე, ირაკლი დგებუაძის ბიძაშვილი. თათა დგებუაძის ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძეს და ბექა ხოფერიას საქმიანი გადაკვეთა არ აქვთ.