„საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ, რომ წავიდე“ – სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ, რომ წავიდე“ –
საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ, რომ წავიდე, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა, რადგან პარტნიორები ხედავენ, რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ქართველი ხალხი ქუჩაში.
„საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა. ეს განწყობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს ჩვენი ხალხი იბრძვის და ქუჩაში დგას. როცა ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ხალხი ქუჩაში, ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს და დახმარების სურვილს აღუძრავთ. მე ვარ იქ, სადაც ვარ. გამოვდივარ ქვეყნიდან, რადგან აუცილებელია ჩვენი სიტყვა მივიტანო იქ, სადაც შემიძლია, მიცნობენ, ფორმალურ, ოფიციალურ ურთიერთობებს აგრძელებენ. ამიტომ ვიყავი ტრამპის ინაუგურაციაზე, რომ იქ საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი და არა მე პირადად, რომ იქ გამოვჩენილიყავი. საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ, რომ წავიდე“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რომ პარტნიორებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
„ეს ჩემი მოვალეობის ნაწილია, როგორც პრეზიდენტის. მე ვთვლი და არა მხოლოდ მე, რომ ეს არ არის პიროვნული სტატუსი. მე საქართველოსთვის დღეს ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი. არ არსებობს ეს ინსტიტუტი, თუ არ აერთიანებს საზღვარგარეთ და საქართველოში მყოფ ქართველებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გეტყვით იმ შეხვედრებზე, რაც აქ ჩავატარე. საქართველო წარვადგინე იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება, ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება- დემოკრატიის ჩამოშლა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაუქმება. ეს ყველაფერი არის ჩვენი საქმე, ჩვენი მოსავლელი. შეგვიძლია ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ და გაიგონ, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან საუბრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ე.წ. ჰიბრიდულ სტრატეგიას აქტიურად იყენებს.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ 2008 წელს საქართველომ განიცადა რუსეთისგან სამხედრო შემოტევა. პირველი და ერთგვარი „საცდელი ქვა“ ვიყავით რუსეთის სამხედრო სტრატეგიისთვის, რომელიც შემდეგ ყირიმში და 2022 წელს მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდა. ახლა ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ „საცდელი ქვა“, ოღონდ არა სამხედრო კუთხით, არამედ ჰიბრიდული სტრატეგიის მსხვერპლი გავხდით ამ არჩევნებზე. ცხადია, ეს „ქართული ოცნების“ ხელით განხორციელდა, მაგრამ ჩაფიქრებული, მომზადებული, სტრატეგიულად დაგეგმილი ნამდვილად სხვაგან იყო. ამათ ტვინებში არ დაგეგმილა, ეს სხვა უწყებებიდან მოდის. ეს არის ბევრად დიდი ხნის მომზადებული, ვიდრე ჩვენ ამას ვხედავდით და ვამჩნევდით. ჩვენ ძალიან წყნარად ვუყურებდით ამ არჩევნებს და ეს უნდა ვაღიაროთ. მიგვაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა იმიტომ, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ერთხელ, მეორედ. ამდენი წელი გავიდა და ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება ჩქარ-ჩქარა მიდის ავტოკრატიისა და რუსეთისკენ. ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სურათს, რომ ადვილი იქნებოდა ამ ს მოგება, ადამიანები არჩევნებზე მივიდოდნენ და მობილიზაცია საკმარისი იქნებოდა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, პარტნიორებს აუხსნა, რომ ეს არის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც მხოლოდ საქართველოზე კი არ ვრცელდება, არამედ სხვა ქვეყნებზეც.
„რუსეთი შემდეგი ეტაპისთვის ემზადება – ამიტომ საქართველო, ამიტომ მოლდოვა, ამიტომ რუმინეთი. თუ მან არ გაიმარჯვა ომში, თუ მან არ გაიმარჯვა მშვიდობაში, ე.ი. უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და არჩევნებში გამარჯვებით დაიბრუნოს ის , რომლის დაბრუნებაც უნდა, როგორც უნდოდა საქართველოს დაბრუნება, იმის მიუხედავად რომ ომით ვერ დაიბრუნა ის. ეს არის გეგმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გეგმა გაიმარჯვებს – ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტნიორებთან იყო სწორედ ის, რომ მათ ამ ყველაფერს გლობალურად შეხედონ, შეხედონ და უფრო კარგად შეისწავლონ ის, რაც მოხდა საქართველოში. ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ შეისწავლოს, ვურჩევ, დროულად შეისწავლოს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.