გიორგი ბაჩიაშვილი – ფაილზე არანაირი ჩარევა არ მომხდარა, ჩანაწერი განხორციელდა ჩემი მობილურით – უნდოდათ რატომღაც შენახული მქონოდა 2015 წელს არსებული ტელეფონი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მან ბიძინა ივანიშვილთან საუბრის ჩაწერა მისი მობილური ტელეფონით, კერძოდ კი, ანდროიდით განახორციელა.
ბაჩიაშვილის მტკიცებით, ექსპერტი იტყუება, როცა საუბრობს, რომ ჩანაწერი არაავთენტურია.
ბაჩიაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ისესხა მან ფული.
„2024 წლიდან კომპანიას მინდობილობის საფუძველზე ვფლობდი, 2015 წელს, როცა პროექტი განხორციელდა, გენერალური მინდობილობის საფუძველზე კომპანია ჩემს ნათესავს გადავაბარე. კომპანიაში მილიონ 300 ათასი დოლარის აქტივი შევიტანე, ეს იყო თანხა და კრიპტოვალუტა, შემდეგ კომპანიამ სესხი „ქართუ ბანკში“ აიღო, კომპანიამ სესხი დაფარა, დაფარა პროცენტი და მოგებული თანხა დარჩა კომპანიაში. კომპანიამ ასევე გაისტუმრა სხვა სესხი, რომელიც ჩემი, როგორც დამფუძნებლის ჰქონდა, დანარჩენი მოგების თანხა უკვე გაიცა ჩემს მიმართ დივიდენდად. თუ იმას ვამბობთ, რომ 30% ცოტა იყო სესხის უზრუნველსაყოფად, ეს სადაო საკითხია, მე ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ის ურთიერთობა, რომ მისთვის დახმარების გაწევა მეთხოვა, ასეც მოვიქეცი, მას შეეძლო თავიდან ბოლომდე თავისი გარანტიით მოეცა ეს ფული, ან თავისი ჯიბიდან ესესხა ფული.
ბატონი ივანიშვილის წარმომადგენელი იტყუება, მე არც ერთი ბანკისთვის სესხისთვის არ მიმიმართავს. მე ალტერნატიული გზა მქონდა, ეს თანხა მომეძია, კერძოდ კი, ჩემი მეგობრისგან, ის თანხას მაძლევდა, თუმცა, მისი პირობა იყო, რომ 2 წლის განმავლობაში ორმაგი უნდა დამებრუნებინა, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე „ქართუ ბანკის“ შემთხვევაში, მას ერთ წელიწადში ჯამში თანხის 30% გავუსტუმრე, უფრო სარფიანი იყო „ქართუ ბანკი“ და ამიტომ წავედი იქ. სხვა ბანკისთვის არ მიმიმართავს, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ივანიშვილთან, პირველი ადამიანი იყო ივანიშვილი, ვისაც დავუპირდაპირდი, მან თანხმობა განაცხადა ამ სესხზე, რატომ უნდა წავსულიყავი სხვაგან?“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მან ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ჩვენებაზეც ისაუბრა.
„ნათია თურნავა „ქართუ ბანკიდან“ მიწერილ წერილს იყენებს იმის საფუძვლად, რომ მას ივანიშვილი ინვესტორად აღიარებინა. სასესხო ხელშეკრულება ჰქონდა, რომელიც ჩემს კომპანიასა და ბანკს შორის იყო გაფორმებული, იქ არ იყო ნახსენები. ასევე, იყო გირავნობის ხელშეკრულება, სადაც ივანიშვილი 45 დღის ვადით აკეთებს სესხის უზრუნველყოფას. მთელი ეს ბრალდება შეთითხნილი და მოგონილია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
რაც შეეხება ექსპერტის დაკითხვას, როგორც ბაჩიაშვილი განმარტავს, ის იტყუება.
„წყვეტების მაგალითად მოიყვანეს ჩანაწერი დასაწყისი, როცა ტელეფონის ზუმერია, ამ დასაწყისში 6 წყვეტა იყო დაფიქსირებული, ეს თუ მონტაჟია, რატომ იქნებოდა ერთი ზუმერის დროს 6 ჭრა? ყველა ჩამწერ მოწყობილობას ახასიათებს თავისი კომპრესია, მას შეიძლება თავისებურებები ჰქონდეს. 10 – წუთიან მასალაში არც ერთი წყვეტა არ არის, შეიძლება იყოს ხმა, ჩანართი. ექსპერტი იტყუება, ექსპერტს არ ჩაუტარებია დეტალური ანალიზი ისეთი ტექნიკური საშუალებით, რომლებიც დაზუსტებით ამბობენ, რა არის გადახრა, როგორი ტიპის წყვეტაა, დაიშვება თუ არა ამგვარი ტიპის წყვეტა. მან უბრალოდ დახედა ვიზუალურად ჩანაწერის დიაგრამას, მოისმინა და ასკვნის, რომ წყვეტა არის. ეს არის ორიგინალური ჩანაწერია, ფაილზე არანაირი ჩარევა არ მომხდარა. მათ უნდოდათ რატომღაც შენახული მქონოდა 2015 წელს არსებული მობილური ტელეფონი, რომელზეც ეყენა ის პროგრამა. ჩანაწერი განხორციელდა ჩემი მობილური ტელეფონით, ანდროიდით, პროგრამას „აუტო ქოლ რეკორდერი“ ჰქვია და ნებისმიერს შეუძლია მისი ჩაწერა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ის პოლიტიკაში არაა ჩართული.
„ამ სისხლის სამართლის საქმეს აქვს მარტივი ახსნა, ივანიშვილმა როგორც კი დაინახა, რომ მას არ წავყვებოდი იმ პოლიტიკურ დანაშაულებში, რასაც ის ყოველდღე, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადის და რა წამსაც მიხვდა, რომ დიდძალი კაპიტალი მქონდა, მისთვის საფრთხე გავხდი. ამავდროულად, ჩვეულებრივად, ადამიანურმა სიხარბემ სძლია და გადაწყვიტა, ამ გზით გამოეძალა ეს თანხა ჩემგან“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, თუ როგორია მისი როლი საპროტესტო აქციებთან მიმართებაში, ბაჩიაშვილი პასუხობს რომ ის დაზარალებულებს ეხმარება. თუმცა, არ ასახელებს კონკრეტულად, თუ რომელ ფონდებს აფინანსებს, ვინაიდან მათ ხელმძღვანელებზე ზეწოლა არ განხორციელდეს.
„მე ვაფინანსებ იმ ფონდებს, რომელიც დაშავებულ, დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება, რომელიც ივანიშვილის უსამართლო სასამართლოს, პოლიციის მიერ არის რეპრესირებული. ამ ხალხს დავეხმარე და ყოველთვის დავეხმარები“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ