Axios-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ხვალ, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართება. გამოცემა ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციიდან იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესწრება მოლაპარაკებებს რუსეთის მხრიდან.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დელეგაციაში შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც.
სტივ უიტკოფმა Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის და მაიკ უოლცი საუდის არაბეთში კვირას ღამით ჩავიდოდნენ. რაც შეეხება მარკო რუბიოს, ის დღეს მიემგზავრება.
რაც შეეხება უკრაინას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მისი ქვეყანა ასეთი მიწვევის შესახებ ინფორმირებული არ არის.
