ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხი”
მიუნხენის შოკი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის დემოკრატიას კითხვის ქვეშ აყენებს
გიორგი კობერიძე – “საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას”
“გენერალური რეპეტიცია” და სიმბოლური თარიღები – ოპოზიცია ივანიშვილის დაბადების დღისთვის ემზადება
დავით ზურაბიშვილი – “პროტესტს აკლია მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივა”
* * *
ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხი”
“ტრამპს აქვს სურვილი აჩვენოს, რომ მას ბაიდენისგან განსხვავებული პოლიტიკა აქვს, სურს, ამერიკელებსა და ევროპელებს დაანახოს, რომ მისი აქტიური პოლიტიკის შედეგად უკრაინის კრიზისი გადაიჭრება, მაგრამ არავის, არც თვითონ და არც ვინმეს ტრამპის ადმინისტრაციაში, არა აქვს წარმოდგენა, როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის გადაჭრა. იმ პრესკონფერენციებზე, რომლებიც ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩაატარა, ჟურნალისტები უსვამდნენ ამაზე კითხვებს და მისი პასუხი იყო, მომავალში ვნახავთ, რომ ეს საკითხი პუტინის გარეშე არ გადაიჭრებაო, მაგრამ, როგორც კი მიდიხარ იქამდე, თუ როგორი უნდა იყოს კონფიგურაცია, დაცული იქნება თუ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ტრამპი ვერაფერს პასუხობდა. ტრამპის მთავარი ამოცანაა აჩვენოს თავისი განსხვავებულობა ბაიდენისგან, ყოველ მეორე სიტყვაში იმეორებს, რომ ბაიდენი შეცდომებს უშვებდა, თვითონ კი არა – ანუ ტრამპის განცხადებები უფრო შიდა ამომრჩეველზეა გათვლილი”, – აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩანს, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა მთლად ტკბილი და თბილი არ ყოფილა”.
“სხვათა შორის, რაც მიუნხენის კონფერენციაზე თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ყველამ ერთხმად თქვა, რომ ეს იყო შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, რადგან ტრამპს ძალიან სჭირდება შიდა აუდიტორიის მხარდაჭერის მოპოვება, რადგან ძალიან კარგად იცის, რამდენად პოლარიზებულია ამერიკელი საზოგადოება ამ არჩევნების შემდეგ. ჯერჯერობით რეალური არაფერი იკვეთება უკრაინის საკითხის გადაწყვეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რეაქციაც, რაც ჰქონდათ ევროპასა და ზელენსკისაც – მან ხელი არ მოაწერა ამერიკელების ჩატანილ დოკუმენტს, რითაც უკრაინულ მინერალებზე წვდომა უნდა გადასცემოდა აშშ-ს. მან ჩაასწორა დოკუმენტი და უკან დაუბრუნა ამერიკის დელეგაციას იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიუნხენში, ვენსსა და რუბიოსთან, სადაც ამერიკელები, სხვათა შორის, აპლოდისმენტებით შეხვდნენ ზელენსკის, რაც ძალიან არსებითი საკითხია და მანიშნებელია, თუ საით არის ამერიკელების სიმპათია, უკრაინელების თუ რუსების მხარეს. ზელენსკიმ ამ დოკუმენტში ჩაამატა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს უკრაინისა და ევროპის გარეშე ამ ომის საკითხის მოგვარებას და უკრაინისთვის რაღაცის თავზე მოხვევას, რომ ის არ იქნება პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დათმობს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპელების რეაქციაც. საერთოდ მიმაჩნია, რომ ტრამპის პოლიტიკის შედეგი ევროპის პოლიტიკურად ჩამოყალიბება იქნება. კი ბატონო, არსებობს ევროკავშირი, სადაც ქვეყნებს აქვთ საკუთარი პოზიციები, მაგრამ ევროპა, როგორც ერთიანი პოლიტიკური სივრცე, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიკავოს თანამედროვე მსოფლიოში, ახლა ყალიბდება და ამას ტრამპის ნაბიჯები ხელს შეუწყობს. ეს კი არ იქნება ცუდი უკრაინისთვის. ტრამპის ამოცანა იყო ევროპაზე გადაეტანა უკრაინის ომის ძირითადი დატვირთვა. ევროპელებიც კარგად ხვდებიან, როდესაც ტრამპი ამბობს, უკრაინა თქვენთან არის ახლოს, მე ათასზე მეტი კილომეტრი მაშორებსო, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიაზე თვითონ უნდა ჰქონდეთ ძალიან მკაცრი პოზიცია, რადგან ეს მათ უშუალო უსაფრთხოებას ეხება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპის წვლილი ამ საკითხში ძალიან გაიზრდება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ტრამპის ეს პოლიტიკა, რომელიც ევროპისთვის ცოტა გაუგებარია, განსაკუთრებით ვენსის გამოსვლა, როდესაც მან დემოკრატიას შეუტია, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთს. ასეთი რამ არ ახსოვთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რომ ამერიკა დიდი ბრიტანეთის მიმართ თავად დემოკრატიის საკითხებში ასეთი კრიტიკული ყოფილიყო. ამან ერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია ევროპაში და, ბუნებრივია, ევროპის პოზიცია გაძლიერდება. ასე რომ, ტყუილად აქვთ იმედი იმათ, ვინც ელოდება, როდის გაყიდის ტრამპი უკრაინას და ჩააბარებს რუსეთს. იქნებ საქართველოც მიჰყიდოს და დაისვენონ საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან რუსეთს თუ მიგვყიდეს, ეს ნიშნავს, რომ აქ ხელისუფლებას დემოკრატიას არავინ აღარ მოსთხოვს და “ოცნებაც” იქნება და იქნება. ამ იმედით არის “ოცნება” და ამ იმედით უჭერს ტრამპს მხარს და, ასე ვთქვათ, ტრამპის მიერ საქართველოს დისტანცირებას ევროატლანტიკური სივრცისგან. ამისთვის სჭირდებათ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ვფიქრობ, ეს ფუჭი იმედია”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“გავითვალისწინოთ, რომ ტრამპი უკიდურესად ეგოცენტრიკი, ნარცისია, საერთაშორისო მოლაპარაკებებში კი არსებობს ხერხი, როდესაც თავიდან აჩვენებ, რომ ბევრ დათმობაზე ხარ წამსვლელი და ეს ძალიან ზედმეტს მოათხოვნინებს შენს მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ხდება მერე მისი დამარცხების კიდევ ერთი მიზეზი. მგონი, ტრამპი ამ გზით წავიდა. თუმცა ერთია, რასაც რუსული და “ქოცური” პროპაგანდა ამ დღეებში ავრცელებს, თუ როგორ წააგო უკრაინამ, მაგრამ რეალურად სერიოზულ განხილვებში და მათ შორის, თავად რუსულ ტელეგრამარხებზე, ისმის შეშფოთება, თუ ეს რეალურად რა შეიძლება იყოს. რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა, დეტალურად არ თქმულა, მაგრამ გამოვიდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პუტინს უთხრა, როგორც რუსეთმა შეიყვანა საკუთარ იურისდიქციაში უკრაინის ტერიტორიები, ასევე შეუძლია უკრაინას თავის იურისდიქციაში შეიყვანოს კურსკის ოლქიო – ანუ საუბარი მთლად თბილი და ტკბილი არ ყოფილა, თუ ვინმე ამას ელოდებოდა. რა თქმა უნდა, ტრამპი პუტინთან ლაპარაკს ძალის გამოყენებით შეეცდება”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
“ამას ადასტურებს ტრამპის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებაც. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ქმნიან დიდ მოლოდინს და ამბობენ, რეალისტები უნდა ვიყოთ, უკრაინის საზღვრების 2014 წლის ფარგლებში დაბრუნება რთული იქნებაო და ა.შ. მცირე მოლოდინისგან ჯობს დიდი შედეგების მიღება, ვიდრე პირიქით. ახლა მთავარია რუსეთის ჩართვა მოლაპარაკებებში, სადაც მისი პოზიციები ძალიან სუსტია. სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობა “ოცნების”. ოპოზიციასთან ურთიერთობას მაგონებს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტულია, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატი არ არსებობს და იმ შეცდომებისთვის, რომელთაც უშვებს ხელისუფლება, ან მძიმე და არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, თავში არავინ ურტყამს. ამ მხრივ ხელისუფლებას შედარებით მეტი კომფორტი აქვს და ასეა რუსეთის შემთხვევაშიც. როგორც კი რუსეთი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მას გაჩუმება მოუწევს, რადგან არგუმენტები არა აქვს”, – განმარტავს რესპონდენტი.
“დააკვირდით, რა შეკითხვებს უსვამდნენ მიუნხენში ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილს? როგორ აპირებთ რუსეთთან დალაპარაკებას, როგორ აპირებთ საზოგადოებაში რუსული საფრთხის გაუვნებლებასო და ა.შ. ის ჟურნალისტები ქოცპროპაგანდისტები იყვნენ? ჩვენს პოლიტიკოსებს თუ მედიის დიდ ნაწილს ხომ ასე წარმოუდგენია, თუ ამ კითხვებს სვამ, “ქოცური” პროპაგანდის ნაწილი ხარ. ჩვენმა ოპოზიციამაც ასე წარმოიდგინა, რომ მშვიდობაზე საუბარი, თურმე “ქოცური” პროპაგანდის შემოგდებულია. ამიტომ ვფიქრობ, მხოლოდ “ოცნებას” კი არა აქვს ბევრი რამ შესაცვლელი, არამედ ოპოზიციასაც. ოპოზიციამ საზოგადოებას თუ არ გასცა პასუხი მის კითხვებზე, არაფერი გამოვა. გამოქვეყნდა იაგო კაჭკაჭიშვილის ჩატარებული კვლევა. კარგად წაიკითხონ ოპოზიციამაც და სამოქალაქო სექტორის ლიდერებმაც. საზოგადოებრივი განწყობები შიშმა იმის გამო მოიცვა, რომ ოპოზიცია კითხვებზე პასუხს არ იძლეოდა და ჰქონდა აბსოლუტურად სულელური კლიშე, რომ თუკი ვინმე დასვამს კითხვას ომის საფრთხეზე, რუსეთთან ურთიერთობის საფრთხეებზე, ეს “ქოცური” პროპაგანდა და პუტინის აგენტების დასმული კითხვაა. ეს სიგიჟე უნდა მოიშალოს უპირველესად ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური მედიის ნაწილმაც. საზოგადოებას აქვს აბსოლუტურად რელევანტური კითხვები და ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს”, – თვლის ექსპერტი.
“რაც უფრო მალე დაანახებს საზოგადოების დიდ უმრავლესობას რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა და საერთოდ, ხელისუფლების შეცვლა არ არის დაკავშირებული რუსების აგრესიის საფრთხესთან, მით უფრო მალე მოუწევს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი პოზიციები, და რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ამ თავის სისულელეში ოპოზიცია, რომ ამ საკითხებზე არ უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ხელისუფლებას “ქართული ოცნება”. ნიკა მელიამ თქვა, შეთანხმდით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა თუ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომებიო. ან ერთი ან მეორე, რატომ? რატომ ორივე ერთად არა? ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები, რამაც “ოცნებას” არჩევნების გაყალბება გაუადვილა პროპაგანდისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. სიმართლე აქ არ არის? მაგრამ ის, რომ ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც დაუშვა ან რასაც უშვებს, ნიშნავს სწორედ იმას, რომ არც არაფრის შეცვლა არ სურს, მათ შორის არც რიტორიკის. არ უნდათ არც იმის აღიარება, რომ რუსეთის აგრესიის შიში არის მოსახლეობაში და ეს ხელისუფლებამ ბრწყინვალედ გამოიყენა სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია ამაზე არ ლაპარაკობდა და ევროინტეგრაციისგან შეუქმნა მოსახლეობას საფრთხე”, – ამტკიცებს ირაკლი მელაშვილი.
“ძალიან კარგია, სალომე ზურაბიშვილს ეს შეკითხვები რომ დაუსვეს ევროპაში, რადგან აქ არ ეკითხებიან. სალომეც და ოპოზიციაც უნდა მიხვდნენ, რომ ამ საკითხებზე საუბარია საჭირო, იმიტომ, რომ ეს საფრთხე რეალურია საზოგადოებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე გამოასწორებს ოპოზიცია თავის შეცდომას და რაც უფრო მალე წაართმევს ხელისუფლებას კოზირს, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში რუსეთის აგრესია დაგვემუქრება, მით მალე შეცვლის “ოცნებაც” რეპრესიულ პოლიტიკას. გაოგნებული ვარ, ოპოზიციის ლიდერები, წამყვანი ოპოზიციონერი ჟურნალისტები ვერ ხვდებიან, რომ ამ საფრთხეზე უნდა ილაპარაკონ. ვერ ხვდებიან, რომ აუცილებელია ეს კოზირი ხელისუფლებას გამოაცალონ ხელიდან”, – დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “არაერთხელ გვითქვამს, რომ დასავლეთიდან “ოცნების” შემაკავებელი ბერკეტები არ არსებობს. სულ უფრო რეპრესიული ხდება ხელისუფლება და არ ცხრება პროტესტი, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციას არ უჭერს მხარს და ითხოვს ახალ არჩევნებს. როგორ უნდა შემოვიდეს აქ პოლიტიკური კომპონენტი, ბოლოს და ბოლოს, არჩევნები თავისით ხომ ვერ დაინიშნება?” – პასუხობს:
“ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხი. თუ ეს არ გააკეთა, ადგილი ცარიელი არ დარჩება და ახალი ძალები გაჩნდება. აქციების ფონზე გაიზარდა იმათი რიცხვი, ვინც უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ არ მოსწონს ოპოზიცია. ოპოზიცია ამას მაინც უნდა მიხვდეს, რომ ეს “ოცნებას” აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის 40-45%, რომელსაც არც ერთი მოსწონს და არც მეორე, შეიძლება არჩევნებზე არ წავიდეს. ამას მაინც უნდა მიხვდეს ხელისუფლება, რომ ეს შესაცვლელია, უნდა დაინახოს, რა სურს მოსახლეობას, რა აწუხებს, რისი ეშინია. ვნახოთ სოციოლოგიური გამოკითხვა, თუ რა საკითხებია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და დამისახელეთ თუნდაც ერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მოსახლეობას ამ საკითხებზე ელაპარაკება. ვერც ერთს ვერ მეტყვით და, თუ ოპოზიცია ადეკვატურად არ უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნებსა და სურვილებს, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებას ხელს აძლევს. “რუსი მოდის”, “რუსი მოდის” ძახილით ოპოზიცია 20-25%-ზე მეტს ვერ აგროვებს. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე, უმუშევრობაზე, ეკოლოგიურ საკითხებზე, უსაფრთხოების პრობლემებზე და ა.შ., “რუსი მოდის” იძახო? საზოგადოება ოპოზიციისგან პრობლემებზე ადეკვატურ პასუხებს ელოდება…”
მიუნხენის შოკი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის დემოკრატიას კითხვის ქვეშ აყენებს
“აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე ევროპულ დემოკრატიებზე ღია და მწვავე შეტევა დაიწყო. განაცხადა, რომ კონტინენტს ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთიდან და ჩინეთიდან, არამედ “შიდა სტრუქტურებიდან” ემუქრება. ვენსის ოცწუთიანმა მონოლოგმა ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკა, “ქართული ოცნების” აღფრთოვანება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შექებაც დაიმსახურა. ვენსმა ისტებლიშმენტის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა, მოუწოდა ევროპას შეეზღუდა მიგრაცია და ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ, საბჭოთა კომისრებს შეადარა. როდესაც ჟურნალისტებმა ვენსის გამოსვლასთან დაკავშირებით ტრამპს ჰკითხეს, მან თქვა, რომ ეს იყო “ძალიან კარგი გამოსვლა” და ევროპას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. ვენსმა გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა, რომ ევროპამ “დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიუნხენის შოკი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის დემოკრატიას კითხვის ქვეშ აყენებს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა – “მე მოვისმინე მისი გამოსვლა, მან ისაუბრა სიტყვის თავისუფლებაზე და ვფიქრობ, ეს სიმართლეა – ისინი კარგავენ სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას ევროპაში. მან ძალიან კარგი სიტყვა წარმოთქვა, რეალურად ძალიან ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. მან ისაუბრა მიგრაციაზე და ევროპას მიგრაციის დიდი პრობლემა აქვს. უბრალოდ შეხედეთ რა ხდება დანაშაულთან დაკავშირებით, შეხედეთ რა ვითარებაა ევროპის სხვადასხვა ნაწილში”, – თქვა მან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლაში ნახსენები იყო უკრაინის ომი, თუმცა მან ამ საკითხს მოსალოდნელზე ნაკლები დრო დაუთმო. ვენსმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს “გონივრული გადაწყვეტილება” უახლოეს მომავალში მიიღება. განსაკუთრებით მწვავე იყო გერმანელი ლიდერების მიმართ გაკეთებული განცხადებები. გერმანიაში დაძაბულ ეროვნულ არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე, ვენსი შეეხო ქვეყანაში გამართულ ცხარე დებატებს იმ პოლიტიკური პარტიების გარშემო, რომლებიც ულტრამემარჯვენე პარტიასთან “ალტერნატივა გერმანიისთვის” არ თანამშრომლობდნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ნაცისტების დამარცხების შემდეგ, გერმანიაში დემოკრატიის აღდგენიდან გასული ათწლეულების განმავლობაში, მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო კონსენსუსი, რომ არ ემუშავათ ულტრამემარჯვენე პარტიებთან. “დემოკრატია ეყრდნობა წმინდა პრინციპს, რომ ხალხის ხმას აქვს მნიშვნელობა. თქვენ ან იცავთ ამ პრინციპს, ან არა”, – თქვა ვენსმა, რომელმაც სხვა პარტიებსა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს. “ალტერნატივა გერმანიისთვის” კანცლერობის კანდიდატმა ალისა ვეიდელმა მოგვიანებით გააზიარა თავისი გამოსვლის ნაწილი სოციალურ ქსელში და ვენსის გამოსვლას “შესანიშნავი” უწოდა. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვენსი და ვეიდელი ერთმანეთს შეხვდნენ. მათი შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა და მიუნხენის კონფერენციის მიღმა შედგა, რადგან აღნიშნული პარტია კონფერენციაზე მიწვეული არ იყო”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვენსის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ კატეგორიულად უარყოფს ვენსის ბრალდებებს: “ნაციონალ-სოციალიზმის გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანიაში დემოკრატიულ პარტიებს აქვთ საერთო კონსენსუსი – ეს არის დამცავი ბარიერი ულტრამემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, ვენსის განცხადებებს “შეურაცხმყოფელი” უწოდა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები”უბრალოდ ემპირიულად არ შეესაბამება სინამდვილეს”. “პოლიტიკო” ფორუმზე კონფერენციის 14 მონაწილეს ესაუბრა, მათგან რამდენიმეს ანონიმურობის პირობით, რათა გულწრფელად განეხილათ მათი რეაქცია ვენსის გამოსვლაზე. მთავარი საკონფერენციო დარბაზი სავსე იყო – დამსწრეები ირონიულად იცინოდნენ, როდესაც ვენსმა ახსენა “საერთო ღირებულებები”. “ეს ყველაფერი ძალიან გიჟური და შემაშფოთებელია”, – თქვა ერთ-ერთმა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა”, – დასძენს გამოცემა.
“რა ჯანდაბა იყო ეს? პირი ღია მქონდა. გაბრაზებული ვიყავი”, – თქვა კონფერენციაზე ყოფილმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კი თავის გამოსვლაში პირდაპირ მიმართა ვენსს და თქვა: “ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მთელ ევროპაში დემოკრატია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ეს მიუღებელია”. “ქართული ოცნება” ვენსის მონოლოგით მოხიბლულია. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება: “კარმა… კარმა…” – წერს შალვა პაპუაშვილი. მანამდე კი “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია: “ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტრამპს “დიფ სთეითის” განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს “დიფ სთეითის” გავლენას”, – წერს სტატიის ავტორი.
გიორგი კობერიძე – “საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას”
“ევროპა მართლაც უფრო ძლიერად უნდა იყოს ჩართული უკრაინის უსაფრთხოების საკითხში, ვიდრე ამერიკა, მაგრამ ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ არის. ამასთან, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას ნატოს გარეშე ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ გასცემს. ევროპას რომ ერთიანი ევროპული არმია ჰყავდეს და კარგად განვითარებული სამხედრო წარმოება ჰქონდეს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღეს ამ პრობლემას თავს ვერ გაართმევს. თუ ვაშინგტონი ხელს დაიბანს ევროპაში უსაფრთხოების საკითხებისგან, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ჰეგემონი აღარ არის. ამასთან, ეს ვერსია გარანტიას არ იძლევა, რომ რუსეთი ახალ აგრესიას არ წამოიწყებს. შეიძლება პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია არ იყოს უკრაინაში (თუმცა არც ეს არის გამორიცხული), მაგრამ შეეცდება მისთვის სასურველი ხელისუფლების დასმას კიევში, ან სამოქალაქო ომის ინსპირირებას”, – აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას” / რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების სამი ვარიანტი.
“მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებული სამი ვარიანტიდან არც ერთში არ ჩანს მთავარი კითხვა და მთავარი პასუხი. კერძოდ, რა სახით რჩება რუსეთს ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული აქვს. თუ საქმე ეხება საზავო ხელშეკრულებას და საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე კი არა, ომის დასრულებაზეა, გამოდის, ტერიტორიები ფორმალურად რჩება რუსეთს, რაც ნიშნავს, რომ იწყება ტერიტორიების ახლებური გადანაწილება, ეს კი დაპყრობითი ომების პრეცედენტს ქმნის საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პოლიტიკაში. თუ მხოლოდ დე ფაქტო ოკუპაციაზეა საუბარი, მაშინ ზავი ვერ დაიდება და გამოდის, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე გვაქვს საუბარი, რაც აბსურდია. ცეცხლის შეწყვეტა არანაირ გარანტიას არ იძლევა გრძელვადიანი მშვიდობისათვის. თუ ზავი დაიდო და რუსეთმა ანექსირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა დრამატულ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ. თუკი ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი პრეცედენტი შეიქმნება, ეს იქნება ომების, როგორც ტერიტორიული გაფართოების საშუალების საერთაშორისო პოლიტიკაში გრანდიოზული დაბრუნება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარება შექმნის ფუნდამენტურ პრეცედენტს ევროპის საზღვრების ომით ცვლილების შესახებ, ეს კი ომების სერიის დასაწყისი იქნება ყველგან. ამით ყველაზე მეტად უკრაინამ კი არა, შეიძლება ჩვენნაირმა პატარა სახელმწიფოებმა იზარალონ, რადგან სწორედ ისინი აღმოჩნდებიან საფრთხეში. არც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან გულხელდაკრეფილი, ისინი ლოგიკური არჩევანის წინაშე დადგებიან – მრავალპოლუსიან მსოფლიოში ან გაძლიერდნენ და შექმნან თავიანთი ღერძი, ან დასუსტდნენ და უმნიშვნელო ძალად იქცნენ. პირველ შემთხვევაში მათი მილიტარიზაცია იქნება საჭირო, ეს კი ყოველთვის მშვიდობიანად არ ხდება ხოლმე და ასეთ შემთხვევაში რეგიონში მოქმედი ძალებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას. ჩვენთვის ეს კარგი იქნება თუ ცუდი, ჯერ ადრეა თქმა. ამერიკას საქართველო მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო აინტერესებს”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ვაშინგტონისთვის ის დერეფანია საინტერესო, რომლის მეშვეობითაც კავკასიაზე გადის. ამერიკისთვის უკრაინის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მინიმალურია, მასზე არც ტვირთები გადის, არც გზაგამტარია და არც დასავლეთის დერეფანია. კი, ენერგოდერეფნები უკრაინაშიც გადიოდა, მაგრამ ახლა შეჩერებულია. საქართველოს ენერგოდერეფანიც დიდი აქვს და სატრანსპორტოც – საქართველოდან ძალიან მალე ხვდები როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, შავი ზღვის აკვატორიაში და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველო მხოლოდ ამერიკისთვის კი არა, ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით, როგორი იქნება ევროპის და ამერიკის რეაქცია, თუ რუსეთი თავისი გავლენის სფეროში მოგვიაზრებს. თუ დახურულ კარს მიღმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების დროს საქართველოს საკითხიც არ დაიძრა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენი საკითხი ცალკე განხილვის თემა იქნება, უკრაინისგან დამოუკიდებლად. ერთიან პაკეტში საქართველოს განხილვა არ გვაწყობს. ამასთან, “ქართული ოცნების” წყალობით მოკავშირის გარეშეც ვართ დარჩენილი. ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ უკრაინის კონტექსტში საქართველო არ განიხილონ”, – დაასკვნის ექსპერტი.
“ახალი საერთაშორისო სამართლის შექმნის შემთხვევაში პუტინი თავისუფლად დაბრუნდება გავლენიან მოთამაშედ, ხოლო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იქნება უფუნქციო და ღიმილის მომგვრელი ინსტიტუცია, რომელსაც არანაირი გავლენა აღარ შერჩება, ხოლო გენოციდისა და ომის დანაშაულების პრეცედენტის შექმნა სხვა დიქტატორებს დამატებით მოტივაციას მისცემს გენოციდისთვის. დაიწყება ჩინური აგრესიული ომები. პუტინის უკრაინაში გამარჯვება და გავლენიან საერთაშორისო მოთამაშედ დაბრუნება სი ძინპინისთვის იქნება სიგნალი, რომ დასავლეთის დამარცხება შესაძლებელია, მით უფრო ხანგრძლივი ზეწოლით. რუსეთი ჩინეთზე სუსტია და თუ ეს შეძლო რუსეთმა ევროპის ტერიტორიაზე, რატომ ვერ შეძლებს ჩინეთი იმავეს აზიაში? ჩინეთი ამისთვის აქტიურად ემზადება – ტაივანის დაკავების შემთხვევაში ჩინეთს აღარ ექნება ფიზიკური კუნძულოვანი ბარიერი, რომელიც წყნარ ოკეანეში გადაადგილებაში შეუშლის ხელს. მისი ერთ-ერთი სამიზნე ფილიპინებისა და ვიეტნამის საზღვაო აკვატორიის მიტაცებაცაა, რასაც დაჩქარებული წესით ახდენს კიდეც”, – განმარტავს გიორგი კობერიძე.
“სანამ დასავლეთი გადაეწყობა ახალ რეალობაზე, ჩინეთი შეეცდება საკუთარი პოზიციის იმგვარად გამყარებას, რომ მისი შეკავება ძალიან რთული იყოს. მას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – შეუძლია დაძრას კორეის საკითხიც. მისი წაქეზებით ჩრდილოეთ კორეის აგრესიის საფრთხის ზრდასთან ერთად, დასავლეთის მიერ ფოკუსის რამდენიმე საკვანძო თემაზე გასწორება კიდევ უფრო გართულდება, ეს კი ჩინეთის მოქმედებას მხოლოდ გაამარტივებს. ჩინეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ომის შემდეგ რუსულ-ჩინური ღერძი ნამდვილად არ დაიშლება, პირიქით, გაძლიერდება, რადგან ეს ერთგვარ წარმატების ფორმულად იქნება გააზრებული მოსკოვსა და პეკინში. ცხადია, მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ სხვები ჰყავთ უფრო მნიშვნელოვან მეტოქეებად, ერთმანეთთან ყოფნა უფრო მეტად მისაღები იქნება. პუტინი აუცილებლად შეეცდება საბოტაჟის გაძლიერებას ევროპის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს როგორც თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე, ისე პოლიტიკური პარტიებისა და თუ ჯგუფების დაფინანსება და ქაოსის გამოწვევა ევროკავშირში”, – ამბობს რესპონდენტი.
“რუსეთი შეეცდება ბელარუსის ანექსია მოახდინოს არა ომით, არამედ ულტიმატუმით ლუკაშენკოსა და მის მთავრობაზე. რუსეთი შეეცდება საკუთარი მთავრობა დასვას სომხეთშიც, იმავეს იზამს მოლდოვაშიც. არის სიტუაცია, რომ ბულგარეთსა და რუმინეთშიც გააძლიეროს პრორუსული ძალები. ყაზახეთში რუსი მოსახლეობის გამოყენება მაქსიმალური პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად ჩვეულებრივ ამბად გადაიქცევა. რუსეთი ყაზახეთს ჩრდილოეთის ტერიტორიებსაც ედავება. შესაბამისად, რუსეთის უშუალო აგრესია არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული რუსეთის მიერ უმცირესობების გამოყენება, წაქეზებული დემონსტრაციები და კრიზისი ლატვიასა და ესტონეთში, რიგასა და ნარვაში. კრემლს იქ ისედაც ჰყავს მომხრეები, პუტინს ეხვეწებოდნენ, შემოდი ტანკებით ბალტიისპირეთშიო. მოკლედ, რუსეთი შეეცდება იჩქაროს და უკრაინაში ომის დასრულების შედეგად მიღებული დაბნეულობით ისარგებლოს. რუსეთი ბალკანეთს დიდ სიურპრიზს უმზადებს”, – თვლის ექსპერტი.
“ბოსნიაში სერბულ და ბოსნიურ ნაწილებს შორის ომის განახლება რეალისტური ამბავი იქნება. სერბული ნაწილი ისედაც მილიტარიზებული და უკიდურესად პრორუსულია. სერბეთში კოსოვოს კრიზისის დაძვრაც არ იქნება რთული. რუსეთი შეეცდება ომის შემდგომ უკრაინაში შიდა არეულობის გამოწვევასა და თავის სასარგებლო მთავრობის დასმას, დაიწყებს მზადებას ახალი ომის ულტიმატუმისათვის. ახლა უკვე გაუმჯობესებული პოზიციებით. ამიტომ უკრაინას რთული გზის გავლა მოუწევს”, – დასძენს გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე – “ეს საფრთხეები აიძულებს თუ არა ევროპას შეიარაღდეს და ამერიკისგან დამოუკიდბელი სტრატეგია შეიმუშაოს?” – პასუხობს:
“მათ ან დამოუკიდებლად უნდა შეძლონ სამხედრო-პოლიტიკური ღერძის შექმნა, ან იქცნენ უმნიშვნელო ძალად აშშ-ის ქოლგის ქვეშ. თუკი ევროპის ან მისი წევრი სახელმწიფოების მილიტარიზაცია აშშ-ს წინათ დიდად არ სურდა, ახლა ამის მომხრეა – აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინის საკითხზე პასუხისმგებლობის აღება სწორედ ევროპას გადააბარა. ამასთან, ტრამპი მოუწოდებს ევროპულ სახელმწიფოებს გაზარდონ თავიანთი დაფინანსება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ ნაკლებად ინტერესდება ევროპული სამხედრო-პოლიტიკური თეატრით და სხვა კონტინენტებსა და თუ აუზებზეა გადასული… გაძლიერებული ევროპა ჩვენს ინტერესებშიც შედის. ჩვენი, ისევე როგორც დასავლეთის ინტერესი, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხია. რუსეთმა უკვე მიიღო ამ ომში რამდენიმე მარცხი: გაფართოვდა ნატო, ვერ აიღო კიევი, კიდევ უფრო შეიარაღდა უკრაინა, გადაიარაღება დაიწყო აღმოსავლეთ ევროპამ და რუსული ეკონომიკა დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ ეს ძნელად გადაწონის იმ შესაძლო რეალობას, რომელიც იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუკი რუსეთმა ანექსირებული ტერიტორიების აღიარება მიიღო, ხოლო უკრაინა გარანტიების გარეშე დარჩა..”
“გენერალური რეპეტიცია” და სიმბოლური თარიღები – ოპოზიცია ივანიშვილის დაბადების დღისთვის ემზადება
“თბილისში პროტესტის მე-80 დღე 15 თებერვალს აქცია-მსვლელობით აღინიშნა. ეს იყო თებერვალსა და მარტში უკვე დაანონსებული მასშტაბური აქციების ერთგვარი გენერალური რეპეტიცია, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა სიმბოლურ თარიღებს დაამთხვიეს. პირველი ასეთი აქცია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს – 18 თებერვალსაა დანიშნული. რა აჩვენა შაბათის აქციამ და აქედან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ სამშაბათს? როგორც ექსპერტების ნაწილი აცხადებს, 15 თებერვლის მსვლელობამ აჩვენა, რომ ხალხი კვლავ არ ნებდება და გამოსვლები კვლავ მოსალოდნელია. ნაწილს კი არ დაუტოვა ის შთაბეჭდილება, რომ ტენდენცია საპროტესტო მუხტი აღმავლობისკენ მიდიოდეს. 18 თებერვლის გარდა, პროტესტის ორგანიზატორებს მასშტაბური აქციები დაგეგმილი აქვთ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს და უწყვეტი პროტესტის ზუსტად მე-100 დღეს – 7 მარტს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გენერალური რეპეტიცია” და სიმბოლური თარიღები – ოპოზიცია ივანიშვილის დაბადების დღისთვის ემზადება.
“18 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ერთპიროვნულ, დე-ფაქტო, არალეგიტიმურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, თავისივე დაბადების დღეზე, შევახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე – სამართლიანი არჩევნებისთვის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის და თავისუფალი ქვეყნისთვის! 25 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე – “ეს თარიღი ქართველებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, და თბილისის გასაბჭოების ამ თარიღზე არ დავუშვებთ, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა კვლავაც დაწერონ მსგავსი ლექსები, რომ “დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!” ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ამ ისტორიას მეორედ! “7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე – “მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახვებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას”, – წერია აქციების ანონსში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ქართულ ოცნებას” ეჭვი ეპარება, რომ აქციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ 15 თებერვლის აქცია “პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ”. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროტესტი არ გაჩერდება. “დაკავებულების გათავისუფლება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს პროტესტი არ გაჩერდება. საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე, არასდროს შეეგუება იმ ე.წ. ხელისუფლებას, რომელმაც 80 პროცენტი უნდა მიართვას რუსეთს. ეს არ მოხდება. ბიძინამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო იზოლაციური მდგომარეობაში ჩაეყენებინა, დატოვა პირისპირ, მარტო რუსეთთან. ჩვენი ვალია ეს მოღალატე რუსი ხელისუფლება გავისტუმროთ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სასწრაფოდ უნდა დავამყაროთ და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უნდა დაჩქარდეს ევროინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად, ერთობლივად უნდა დავიწყოთ ფიქრი და მოლაპარაკება საქართველოს დეოკუპაციაზე. ამ მოძრაობამ, გამარჯვებებმა საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს საქართველოს გაერთიანებამდე”, – განაცხადა ხაზარაძემ. “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 15 თებერვლის აქცია “პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი. ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ “ქართულ ოცნებას”, რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ”, – განაცხადა პრესასთან ვაშაძემ. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ეს აქციები იმის შთაბეჭდილებას არ უტოვებს, რომ “ტენდენცია აღმავლობისკენ მიდის”, თუმცა დასძენს, რომ პროტესტი გარკვეული ტალღები პერიოდულად იქნება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, 15 თებერვლის აქციამ აჩვენა, რომ ხალხი არ ნებდება და დაგეგმილ სხვა აქციებზე უფრო მეტი ხალხის გამოსვლაა მოსალოდნელი”, – დასძენს გამოცემა.
“ეს საპროტესტო აქციები იმის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ტენდენცია აღმავლობისკენ მიდიოდეს. ასეთი ტალღები, რა თქმა უნდა, იქნება ამა თუ იმ მიზეზით. ახლა პროტესტისთვის შესანიშნავი მიზეზია, დავუშვათ, ივანიშვილის დაბადების დღე და ალბათ უფრო მეტი შეიკრიბება, მაგრამ ყოველდღე ხომ არ იქნება ივანიშვილის დაბადების დღე? ყოველდღე რომც იყოს, მერე უკვე ემოცია ჩაქრება. ვერ ვიტყვი რა პერსპექტივა აქვს ამ პროცესს. ერთი რამ ფაქტია, რომ თუკი გარე აქციებზე შთაბეჭდილებას “ფეისბუქ” საპროტესტო განწყობებს მივამატებთ, ქუჩისგან განსხვავებით, “ფეისბუქი” იძლევა საშუალებას შინაარსში გაერკვე, ამ ადამიანებს ვის მიმართ აქვთ პრეტენზია. მათი პრეტენზია ბოლო ხანებში ტრამპის, ვენსის და მასკის კრიტიკისკენ გადავიდა – რომ ისინი ანგრევენ ამერიკას და მსოფლიოს. საუბარი ძირითადად იმ დაფინანსებზეა (მილიონობით დოლარზეა ლაპარაკი), რომელიც მიმართულია ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ამერიკულ გემოვნებაზე დარეგულირებისთვის და ამაზეა “ფეისბუქში” ძალიან მძაფრი რეაქცია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსების ან უკვე დამდგარი, ან მომავალში დასადგომი შეფერხება გამოიწვევს იმ ადამიანთა პროტესტს, ვინც ამ დაფინანსებასთან მიბმული იყო და ასეთი ბევრია. თვითონ ამერიკულმა მხარემაც წამოაყენა რაღაც ვერსიები, რომ ასე ხელაღებითაც არ შეიძლება დაფინანსების შეჩერება. პროტესტი ყოველთვის კომპლექსურია და ბევრი ფაქტორის გამთლიანებაა, რაშიც ეკონომიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუკი პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა ამ პროცესებს იმ ტიპისა, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ხომ იმაზე საუბრობდნენ, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. თუკი დიდმა ნაწილმა დაინახა, რომ საქართველო რუსეთისკენ არ მიდის და უბრალოდ ეკამათება ევროპის იმ ნაწილს, რომელსაც ეკამათება იგივე დღევანდელი ამერიკა და ევროპის გარკვეული ქვეყნები, გარკვეული პოლიტიკური მხარეები – მემარჯვენეები, მაშინ შეიძლება პროტესტის პოლიტიკური მდგენელიც შენელდეს. ძალიან საეჭვოა რაიმე არგუმენტი მოიფიქრონ იმისა, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. ამდენი ხანი გავიდა, უკვე ლამის ნახევარი წელია და ფაქტობრივი არგუმენტი, თუ რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ, არავის წამოუყენებია”, – დაასკვნის საყვარელიძე.
“გუშინდელმა აქციამ გვაჩვენა, რომ ხალხი მაინც არ ნებდება და რომ ისევ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ხალხის განსაკუთრებულ რაოდენობას უნდა ველოდოთ იგივე 18 და 25 თებერვალს, ასვე აქციები იქნება 3, 7 და 8 მარტსაც. მიდის უწყვეტი გამოსვლები, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული დასავლეთის მხრიდან სანქციების ამოქმედებაზე. ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ გადართულია პუტინთან მოლაპარაკებაზე და ეს საკითხი დღეს ცოტა პრობლემურია. ყოველ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. 15 თებერვალს საპროტესტო მუხტი მაღალი იყო. მე რაც ვნახე, ბევრი ადამიანი იყო გამოსული. დაგეგმილ აქციებზე კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
დავით ზურაბიშვილი – “პროტესტს აკლია მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივა”
“ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან, იღებს ანტიკონსტიტუციურ კანონებს, თანაც დაჩქარებული წესით, აპატიმრებს, წერს არაადეკვატურ ჯარიმებს, ქვეყანა იზოლაციაშია, “ოცნებას” გაწყვეტილი აქვს კონტაქტები დასავლეთთან, აშშ-თან. ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობენ, არაბული ქვეყნებია. ამას შეიძლება მოჰყვეს სამი რამ: 1. ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები და განიმუხტება კრიზისი, როცა რეალურად ლეგიტიმური ხელისუფლება მოვა. 2. იმდენად გაღრმავდება კრიზისი, რომ შეიძლება დაიწყოს ხელისუფლების ჩამოშლა და მაინც არჩევნებით დაბოლოვდეს; 3. ხელისუფლებამ შიდა და გარე ფაქტორების ბედნიერი დამთხვევით შეიძლება მოახერხოს პროტესტის ჩახშობა და გაიმყაროს პოზიცია. პროტესტის ჩახშობა კი შეუძლებელი იქნება მხოლოდ შიდა ძალებით – რუსეთის პირდაპირი სამხედრო ძალის დახმარების გარეშე ვერ წარმომიდგენია. არის კიდევ ერთი ვარიანტი: თუ ასე გაგრძელდა, კარგა ხანს იქნება ქაოსი და საბოლოოდ ქვეყანა გადაიქცევა რაღაც იმის მსგავსად, 90-იანი წლების პირველ ნახევარში რომ ვიყავით”, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ყველანაირად კარგი პროტესტია, მაგრამ აკლია მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივა”.
“მთლად ის ვერ განმეორდება, დღეს სხვა პირობებია, მაგრამ აღზევდება კრიმინალი, კატასტროფულად გაიზრდება ფასები და კვლავ მივუახლოვდებით იმ სტადიას, რასაც შეუმდგარი სახელმწიფო ჰქვია. ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აუქმებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და მათ პირად მომსახურე კანტორებად ქმნის. სასამართლო და პარლამენტი ვერ ასრულებს ფუნქციას და პარლამენტარები ივანიშვილის ნოტარიუსებად არიან გადაქცეული, პოლიციას ბანდიტებისა და ყაჩაღებისგან ვეღარ გაარჩევ. დეპუტატები დარბიან, ჩხუბობენ, სცემენ. მოკლედ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამასხარავებულია. ეს პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურში გადაიზრდება და ხელისუფლება იძულებული გახდება, წავიდეს დათმობაზე… დღეს იმდენად ტურბულენტური საგარეო გარემოა, რთულია რაიმეს გადაჭრით თქმა. ხელისუფლება ამით სარგებლობს, ცდილობს ტრამპის გამონათქვამებით ჩაეწეროს იმ ტენდენციაში, რასაც ტრამპი და მისი გუნდი ამჟღავნებენ, თუმცა მისი ცდა ამაოა, იმიტომ, რომ არაგულწრფელია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“პრეზიდენტობის ვადის განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადს სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც მტკიცედ იდგა ევროინტეგრაციის გზაზე. ახლა მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად აკლია პროტესტს. ყველანაირად კარგი პროტესტია, უნიკალური, მაგრამ ამ პროტესტს აკლია ის, რაც ყოველთვის ჩანდა – მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივა, ანუ პოლიტიკური გაერთიანება. აქამდე მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაცმოძრაობა” იყო, ბევრისთვის ხელისუფლების მთავარ საპირწონედ ის აღიქმებოდა და ეს ხელისუფლების გამარჯვების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტიც გახლდათ, ვინაიდან “ნაცმოძრაობას” ჰქონდა ასევე ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგიც. დღეს “ნაცმოძრაობა” არის უკვე არა ძირითადი, არამედ ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტია ოპოზიციურ ფლანგზე. არიან სხვა პარტიებიც, რომლებიც “ახლისგან” განსხვავებით, არ არიან “ნაცმოსგან” გამოსული, მაგრამ მათ შორის იმდენად ფუნდამენტური განსხვავებაა, ოთხივეს ერთ პარტიად მექანიკური გაერთიანება რთულად წარმოსადგენია. სწორედ აქ შეუძლია სალომეს სერიოზული როლის თამაში – მან უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება (შეიძლება მასში შევიდნენ როგორც ახალი, ისე ძველი პოლიტიკოსებიც), რომელიც გამოკვეთილი ლიდერი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ეს არის აუცილებელი პირობა შიდა და საგარეო ფაქტორებისთვის, რათა გაფართოვდეს პროტესტში მონაწილე საზოგადოების მოცულობა. კვლევებმაც დაადასტურა, რომ თვითონ “ოცნების” მხარდამჭერებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის გამოიწვია “ოცნებამ” და მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ასეთი მხარდამჭერების წილი არცთუ ისე ცოტაა. კვლევას თუ დავხედავთ, “ოცნების” 64% მხარდამჭერს აქვს სუსტი ბმა, ანუ კი უჭერს მხარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ გიჟდება ხელისუფლებაზე, არამედ ვერ ხედავს უკეთესს. ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე, რომელიც ყველაფერში ამართლებს “ოცნებას”, 20%-ია. ამიტომ იმ ხალხის საპროტესტო მასაში გადმოსაყვანად, ასეთი გაერთიანება იქნებოდა მისწრება. ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდება, ეს ფანტომია. სალომეზე რაც არ უნდა იძახონ, “ნაციაო”, არ არის დამაჯერებელი. ახალი პოლიტიკური მოძრაობა და სალომეს ლიდერობა არ გამორიცხავს შემდგომში სხვა პარტიებთან კოალიციურ ურთიერთობებს, ან საერთო პოზიციებს რაღაც საკითხებზე”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
ვფიქრობ, ეს თვისებრივად ახალი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნების” თანაზომადი იქნებოდა და ნებისმიერ არჩევნებში მას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა. არის საგარეო ფაქტორიც, განსაკუთრებით ახლა, როცა ტრამპია აშშ-ის სათავეში – ის უფრო პრაგმატიკოსია და, ასე ვთქვათ, ვაჭარი, ვიდრე დემოკრატიული იდეალების მხურვალე მხარდამჭერი, ამიტომ ტრამპმა ბიძინა ივანიშვილს სხვა ლიდერი რომ ამჯობინოს, საჭიროა ის სხვა არსებობდეს და ჰქონდეს რეალური ძალა. ახალი პოლიტიკური ძალა თუ შეიქმნება, ეს იქნება “ოცნების” საპირწონე, რაც შიდა და საგარეო პოლიტიკასაც სჭირდება. თუ ასეთი ძალა შეიქმნა, ივანიშვილი ვერ მოგუდავს მას. ჯერჯერობით კარგია რაც ხდება – დიდი პროტესტი, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები არ მართავენ, ხელისუფლება დაბნეულია, რეპრესიებს იგონებს და ამით უფრო აღიზიანებს უკმაყოფილო მასას და აღვივებს პროტესტს. ხელისუფლება კი ჩაუდგა ჯიბრში ხალხს და ეგონა, 5.000 ლარიანი ჯარიმებით გატეხდა, მაგრამ არ გამოსდის და არც გამოუვა – კოლოსალურია ეს თანხები და მას ბიზნესი და ემიგრანტები ავსებენ, გარდა ამისა, ვხედავთ სოლიდარობის საოცარ მაგალითებს”, – დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე – “საზოგადოებაში ოპოზიციის სანდოობა რამ შეასუსტა?” – პასუხობს:
“მე არ ვეკუთვნი მათ რიცხვს, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენი ოპოზიციონერები ცუდი ხალხია, მათ შორის ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანია, მაგრამ მთავარი მინუსი ის არის, რომ ეს ოპოზიცია სულ აგებს. ჩვენთან, საზღვარგარეთისგან განსხვავებით, პოლიტიკოსი როცა მარცხდება, არ აღიარებს, არც პასუხისმგებლობას იღებს, არც პარტიის ლიდერობიდან მიდის. ხომ ხედავ, აგებ და უნდა წახვიდე, სხვას დაუთმო გზა, რაღაცები უნდა შეცვალო. ასეთი პარტიები ოპტიმიზმს ვერ ასხივებენ. დღეს ისეთი ვითარებაა, ამ პროტესტიდან დაბადებული პოლიტიკური ძალა და სალომე ზურაბიშვილი, რომლის თაობაზეც, პრაქტიკულად, ოპოზიციურ ფლანგზე საზოგადოების დიდი კონსენსუსია, ალბათ, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება”.
