რაფაელ გლუკსმანი: გავაღვიძოთ ევროპა. ახლავე, სანამ გვიან არ არის… დიდება უკრაინას, დიდება ევროპას

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფაელ გლუკსმანმა თავის მხარდამჭერებს და თანამებრძოლებს მიმართა. ვფიქრობთ, ჩვენთვისაც საინტერესოა, როგორ რეაგირებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიმდინარე მოვლენებზე. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:
“გავაღვიძოთ ევროპა.
ახლავე, სანამ გვიან არ არის.
არაფერია ამაზე უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამაზე უფრო სასწრაფო.
გავაღვიძოთ მიძინებული კონტინენტი, რომელმაც ჩათვალა, რომ საკუთარი უსაფრთხოების უცხო ქვეყანაზე გადაბარება შეეძლო და დაივიწყა, რომ საკუთარი თავის დაცვა თუ არ შეუძლია, ქვეყანა ვერც სიცოცხლისუნარიანი იქნება და ვერც თავისუფალი, რომ ადრე იქნება თუ გვიან, სხვისი სათამაშოდ და მსხვერპლად შეიქნება.
ტრამპი, მასკი, ვანსი და მათი დამქაშები ჩვენს თვალწინ, უხამსი სიიოლითა და დამაბნეველი სისწრაფით გადაფურცლავენ ისტორიის 80-წლიან ფურცელს.
ამერიკული ქოლგა, რომელიც ჩვენ გვიცავდა – და დაცვასთან ერთად მის ვასალებად გვაქცევდა – სწორედ მაშინ იხურება როცა პუტინი და მისი ფაშისტური – დიახ ფაშისტური – რეჟიმი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას უტევს. მაშინ, როცა ომი ახლა იწყება.
შიშნარევი ამოძახილი არაფერში გვიშველის. მოვიდა დრო დავამტკიცოთ, რომ მარტოც შეგვიძლია მასთან გამკლავება.
საზოგადოებრივი დისკუსია ახლა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვის გარშემო უნდა ტრიალებდეს: გვსურს თუ არა, ევროპას მივანიჭოთ სუვერენული ძლიერება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ისტორია ჩვენივე ხელით დავწეროთ?
გვაქვს კი ამის ძალა, ამისთვის აუცილებელი სიმამაცე? მე არ ვიცი პასუხი ამ კითხვაზე. სამაგიეროდ ვიცი და მტკიცედ მჯერა, რომ თუკი ამას არ გავაკეთებთ, ჩვენს ისტორიას სხვები დაწერენ – ჩვენს გარეშე და ჩვენს ხარჯზე.
ესაა, რაც წყდება დღეს.
ევროპელი ლიდერები – ისინი, ვინც ჯერ პუტინის ან ტრამპის მსახურებად არ ქცეულან – 24 თებერვალს კიევში უნდა ჩავიდნენ და იქ განაცხადონ, რომ ევროპას ღვიძავს და ს ყველაფრით, ბოლომდე დაეხმარება. იმდენი ხანი რაც საჭირო იქნება და, რაც მთავარია, ნებისმიერ ფასად. ამერიკული ღალატის შემდეგ ამით ზელენსკის უნდა მივცეთ გასაქანი, რომ სიძლიერის პოზიციიდან ისაუბროს.
ლიდერებმა კიევშივე უნდა განაცხადონ, რომ ევროპა ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას მასშტაბური ნაბიჯებით უპასუხებს, რომ მას აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც დაუყოვნებლივ მოახდენს ჩვენს ბანკებში გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების კონფისკაციას, დაუყოვნებლივ გაამკაცრებს სანქციებს, უყოყმანოდ და სრულად აღასრულებს სოციალური მედიის პლატფორმებთან დაკავშირებულ ევროპულ კანონებს, სწრაფად გადასცემს უკრაინას მათ მოთხოვნილ აღჭურვილობას და იარაღს, და ერთიანად ისესხებს 500 მილიარდ ევროს ევროპის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად – ფულს, რომელსაც მხოლოდ ევროპულ მრეწველობას მოახმარს.
მათ უნდა მოახერხონ, იქ, იმ მიწაზე სადაც დღეს მთელი ჩვენი კონტინენტის მომავალი წყდება, იპოვონ საჭირო სიტყვები, ის სიტყვები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ვერ უპოვიათ. და რაც მთავარია, მათ უნდა მოახერხონ და სიტყვები ღირსეული და გადამწყვეტი მოქმედებით გაამაგრონ. უკრაინისთვის. ევროპისათვის.
თუკი ეს მოხდა, და მხოლოდ ამ შემთხვევაში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ კატასტროფა, რომელიც გვიახლოვდება. ნუ გექნებათ ილუზია: უკრაინა არაა პუტინის საბოლოო სამიზნე. სამიზნე ჩვენ ვართ. ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება. ჩვენი პრინციპები და ჩვენი ინტერესები.
ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი ბრძოლა, როგორც არა ერთხელ მითქვამს, ესაა ბრძოლა, რომელსაც ბოლომდე მივიყვან – თქვენთან ერთად.
მჯერა, რომ იმაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, რაც აქამდე მოვახერხეთ. რომ მეტი ძალა გვაქვს, მეტი ნება, მეტი რწმენა. ერთად დავამტკიცოთ ეს!
ნუ შეგვეშინდება, დავძლიოთ გაოგნება და საქმეს მივყოთ ხელი! ვიმუშაოთ ერთად და შევძლებთ.
დიდება უკრაინას, დიდება ევროპას.”

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ