“შენ, ვისაც გგონია, რომ პოლიტიკაში არ ხარ…
რომ იღვიძებ, რას აკეთებ? ყავას იმზადებ? ჩაის? ბანაობ? გათბობას რთავ?
რომ იცოდე, ყავის, ჩაის, წყლის, გაზის, დენის გადასახადს პოლიტიკა განსაზღვრავს.
ის, რომ კონკურენტუნარიანი აღარაა ბაზარი წლებია, ეს პოლიტიკაა, კი.
ის რომ ხელფასი დაბალია, რადგან ბიზნესი აღარაა კონკურენტუნარიანი და არც მუშახელი და მისი ხელფასი – პოლიტიკა განსაზღვრავს.
საწვავის ფასსაც პოლიტიკა განსაზღვრავს და რუსული ხორბალი რომ იფქვევა ამწამს სადღაც, მაგასაც.
იმ ბანკის პროცენტებსაც ეროვნული ბანკი და ეროვნულ ბანკს პოლიტიკა განსაზღვრავს.
უსაფრთხო რომ არაა მშენებლობა, მაგასაც პოლიტიკა განსაზღვრავს, რადგან რომ არ იყოს “ატკატები”, რომ მოწმდებოდეს, რომ იყოს კონკურენტუნარიანი ბაზარი და უკეთესი არსებობდეს, პოლიტიკაა ეგა.
ის, რომ სკოლის და უნივერსიტეტის პროგრამიდან ბუმბერაზი ქართველი მწერლები ამოიღეს – პოლიტიკაა ეგა.
ის, რომ ქუჩებში ჩვენ შვილებს ცემენ – პოლიტიკაა.
ის, რომ ორმოებია ქუჩებში და სკვერებში – პოლიტიკაა.
ის, რომ სკევრს ისე ხსნიან, რომ ფანტანს არც ამოწმებენ პოლიტიკაა.
ის, რომ ახლა გარდაცვლილი 4 და 5 წლის ბავშვების მშობლებს ამუნათებენ და ლანძღავენ, პოლიტიკაა.
ცუდი, უვარგისი, საშიში პოლიტიკაა.
დღევანდელი შენი ცხოვრების განმსაზღრელი პოლიტიკა დგას რუსული სისტემის მენტალობაზე, კორუფციაზე, არაკონკურენტულ გარემოზე, “ატკატებზე”, ეროვნულის ამოძირკვაზე, უკანონობაზე, უსამართლობაზე.
ასე რომ, კი, შენ ხარ პოლიტიკაში, ხარ თვალდახუჭული ყურდახუჭული და ყველას აბრალებ შენს უბედურებებს, ყველას, იმის გარდა, ვისი ბრალიცაა, ვისი პასუხისმგებლობაცაა, ვისი ვალდებულებაცაა მათი მოგვარება, ვისაც ათასობით ლარს უხდი, იმისათვის, რომ უკეთ გაცხოვროს.
ხარ პოლიტიკაში, ხმის უფლების, ცხოვრების უფლების გარეშე.
იფიქრე ამაზე.
იფიქრე.
სადილსა და სადილს შორის, სიკვდილსა და სიკვდილს შორის, იფიქრე ამაზე,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.