აფხაზეთში 15 თებერვალს გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის გაიმართება.
დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დანარჩენი სამი კანდიდატის მხარდამჭერები სწორედ მას მისცემენ ხმას.
ასლან ბჟანიას ვადამდელ გადადგომას წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.
