ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი მზია ამღლობელს მხარდაჭერას უცხადებს.
შირინ ებადის წერილს სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს, რომელიც ნობელიანტს მადლობას უხდის მზია ამაღლობელის მხარდაჭერისთვის.
წერილში ნობელიანტი იმედოვნებს, რომ მზია ამაღლობელი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება.
„სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია.
შეზღუდვების დაწესება და ჟურნალისტების დაკავება არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული.
იმედი მაქვს, მზია ამაღლობელი ციხიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება და შეძლებს თავის საქმის გაგრძელებას“, – წერს შირინ ებადი.
შირინ ებადი ირანელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველია. 2003 წელს შირინ ებადის ნობელის პრემია გადასცეს მშვიდობის დარგში.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 35 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
