გერმანია ძალიან ძლიერი დემოკრატიაა და ჩვენ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც ძლიერი დემოკრატია, ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ულტრამემარჯვენეები პოლიტიკური კონტროლისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებს მიღმა უნდა იყვნენ. მათთან არანაირი თანამშრომლობა არ იქნება. სხვა პარტიებსა და ამ ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცი გუშინ მიუნხენში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპაში სიტყვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ სხვებს თავს ისე არ დაესხათ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მიღებულ კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდეს“.
„არ დავთანხმდებით იმას, რომ ამ პარტიის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებში ჩაერიონ. თავად ვწყვეტთ, რა ხდება ჩვენს დემოკრატიაში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპა მისი ფუნდამენტური ღირებულებებისგან უკან იხევს“.
„ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის უკან დახევა მისი ზოგიერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან, ღირებულებებისგან, რომლებიც გაზიარებულია შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/480333038_122140267268453714_1050514634041157121_n-300x200.jpg)