რესტორანმა “აბგამ” მუშაობა შეაჩერა – მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოთხოვნის კლებაა

თბილისში, ღვინის აღმართზე მდებარე რესტორანი „აბგა“ მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და მოგვიანებით bm.ge-საც დაუდასტურა. მიზეზი საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოთხოვნის კლებაა. რესტორანში 30 ადამიანი იყო დასაქმებული.
„საქართველოში არსებული ვითარების გამო, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლიდან დროებით დავხუროთ ჩვენი კარი. გული გვწყდება, რომ ამ ინფორმაციის გაზიარება გვიწევს, მაგრამ გვჯერა, რომ მალე დავუბრუნდებით სასურველ რიტმს”, – აცხადებენ კომპანიაში.
რესტორანი “აბგა” ზუსტად ერთი წლის წინ გაიხსნა და როგორც მისმა დირექტორმა ბექა მგალობლიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, თავდაპირველად ნაყოფიერი ორთვიანი მუშაობა ჰქონდათ, მაისიდან კი „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, მათი ოპერირება შეფერხდა.
„აქციების დაწყების შემდეგ, მოთხოვნა დაეცა. ამ ტალღამაც რომ გადაიარა, სექტემბერ-ოქტომბერში ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდით, თუმცა ს შემდეგ და ნოემბერშიც საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად გავჩერდით. ამ სიტუაციამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა“, – განაცხადა ბექა მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში რესტორანი ხარჯების, მათ შორის კომუნალურების, ხელფასების გასტუმრებას ვეღარ ახერხებდა, ამიტომაც მიიღეს ოპერირების შეჩერების გადაწყვეტილება.
„ყველაზე დიდი დარტყმა თვალსაჩინო იყო ძველით ახალი წლის პერიოდში, როცა კორპორაციული წვეულებების სეზონია. 4-5 კორპორაციული გვქონდა დაჯავშნილი ზედიზედ. მაგრამ რესტორან „ბაბილოში“ მოსამართლეების შეხვედრასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, ყველამ გაგვიუქმა. თუმცა ჩვენი დაკვეთები კომპანიებისგან იყო და არა სახელმწიფო უწყებებისგან. მათ არ უნდოდათ, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გამოჩენილიყო და ეთქვა, რომ აი, ეს კომპანია ამ ვითარებაში კორპორაციულს იხდისო“, – განაცხადა „აბგას“ დირექტორმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ერთი წლის მანძილზე, რესტორნის მომხმარებლები იყვნენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტებიც გამომდინარე იქიდან, რომ „აბგა“ ვიზიტორს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს სთავაზობდა.
„არ გვინდა, რომ საბოლოოდ დავხუროთ რესტორანი “აბგა”, ჩვენ უბრალოდ დავაპაუზეთ მუშაობა და ვნახოთ, ველოდებით ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას. იმედია დალაგდება“, – ამბობს ბექა მგალობლიშვილი.