მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაიზარდოს, ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ პროტესტის დასრულება არ შეიძლება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიდის მუშაობა ყველა მიმართულებით, მათ შორის პროტესტის მასშტაბების გასაზრდელად, „რათა მოირყეს ის საყრდენები, რაზეც „ქართული ოცნება“ დგას“.
„პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვაკუთხედი, რაც შეიძლება არსებობდეს და ეს ვერ იქნება მხოლოდ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების თანხმობის ნაწილი. პროტესტში ჩართული არიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და მათ შორის ჩვენც, პოლიტიკოსებიც ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. ასევე ახალი ჯგუფებიც აღმოცენდა ამ პროტესტში. მე ვფიქრობ, რომ ვისაც ჰგონია, რომ პროტესტი შეიძლება გაილიოს, შეიძლება ცოტა ადამიანი იყოს, ყველა შიშით ელოდება, რუსთაველზე რა მოხდება, მაგრამ მე არ ვარ პესიმისტურად, ვფიქრობ, რომ ადამიანებს გათვითცნობიერებული აქვთ, რა არის ჩვენი მომავალი. ნებისმიერ ადამიანს, ვინც პროტესტში იღებს მონაწილეობას, კარგად ესმის, რომ თუ დაბრუნდა სტატუს კვო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა, გაცილებით უფრო ძლიერი იქნება რეპრესიები, არა მარტო ჩვენს მიმართ, არამედ ყველა ადამიანის მიმართ.
მე არ მომწონს, რაოდენობისა და თავების თვლა, მაგრამ სიმტკიცე და ნებისყოფა უმნიშვნელოვანესია. მათ შორის მნიშვნელოვანია იმ საყრდენების მორყევა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი დგას. ბიძინა ივანიშვილი დგას პროპაგანდაზე, პოლიციასა და კრიმინალურ ბანდებზე. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, არის რაღაც, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და რაც შეიძლება არ თქვა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პროტესტი. ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ პროტესტის დასრულება არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ესმით კიდევაც. რუსთველზე ჩვენ ვხედავთ შემართებას. დაღლა არავის ეტყობა და არც არავის წარმოუდგენია სტატუსკვოში შებრუნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის აღსრულება უნდა იყოს.
„[სალომე ზურაბიშვილის] ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა უნდა იყოს ევროპარლამენტის რეზოლუციის უკვე ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღსრულება. ჩემი მოსაზრება არის შემდეგი, რომ უნდა იყოს ძალიან კონკრეტული აკრძალვები. პირველი სანქცია იყო დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა, რაც არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს, მაგრამ მეორე ეტაპი უნდა იყოს კონკრეტული სახელისა და გვარების შენგენის ქვეყნების სპეციალურ სიაში ატვირთვა, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტით, არამედ ეროვნული პასპორტით ვეღარ შეძლონ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ევროკავშირში გადაადგილება. ასევე უნდა იყოს მუშაობა ახალ არჩევნებზე. დაბოლოს, ყველაზე უმთავრესი არის ზეწოლა, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
