პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც მიუნხენის კონფერენციას ესწრება, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.
გახარიას განცხადებით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„ხაზი გავუსვი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს – როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო. წელს კონფერენციას „ქართული ოცნებიდან“ არავინ ესწრება.
საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია. დღესვე სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების პანელურ დისკუსიაში „საქართველო“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში. კონფერენცია თავს უყრის დიპლომატიაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 50-ზე მეტი წელია, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს.
