„ ზამთრის კურორტების მიმართულებით შიდა ტურიზმზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ დიდ აფეთქებას არ ველოდები“ – შოთა ბურჯანაძე

როგორ მიმდინარეობს ზამთრის სეზონისთვის მზადება, რამდენად არის რეგიონი ტურისტებით დატვირთული და რა ვითარებაა ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მიმართულებით, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით ამ ეტაპზე სექტორში მცირე პაუზაა და ტურისტების აქტიურობა არ შეინიშნება, თუმცა იმედოვნებს რომ როდესაც ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაში შევა ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.
„ამ ეტაპზე ჩვენ მცირე პაუზა გვაქვს, არც დედაქალაქია ტურისტებით განებივრებული, თუმცა ზამთრის სეზონთან ერთად ვიმედოვნებ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება და მინიმუმ ზამთრის კურორტები ტურისტებით იქნება დაფარული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთრის კურორტების მიმართულებით შიდა ტურიზმზე დიდი მოთხოვნაა. მაგრამ დიდ აფეთქებას არ ველოდები. ზოგადად როდესაც საქმე ზამთრის ტურიზმს ეხება, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და ამას სწორი ინფრასტრუქტურა და დაგეგმარება სჭირდება, რადგან ეს ძვირი სიამოვნებაა და შესაბამისად აქ ჩამოსული ადამიანები ითხოვენ ხარისხს და მაღალ სერვისს. წელს ჩვენ კვლავ გვაკლია უკრაინელი ტურისტები და ახლა უკვე გამოგვაკლდა ისრაელელი ტურისტებიც იქ მიმდინარე ომის გამო.“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
შოთა ბურჯანაძემ გაზაფხული-ზაფხულის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის რეგიონში კარგი ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხის მომსახურებაა მოთხოვნაც მაღალია.
„თუ ზამთრის ტურიზმს საზღვაო ტურიზმს შევადარებთ, საზღვაო ტურიზმზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რადგან აჭარაში მაღალი ხარისხის სასტუმროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს, ხოლო იქ სადაც ეს ხარისხი არ არის მოთხოვნაც დაბალია.
ბაკურიანში და გუდაურში, ჩვენ გვაქვს უამრავი ქაოტური მშენებლობები, რომელიც არ გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ტურისტების სურვილი მარტივად დავაკმაყოფილოთ.“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა