აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
პუტინთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმდნენ, მათი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვადასხვა საკითხები. შევთანხმდით, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, მათ შორის, ვესტუმროთ ერთმანეთის ერებს. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დარეკვით, რასაც ახლა გავაკეთებ“, — დაწერა ტრამპმა პუტინთან საუბრის შემდეგ.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა უკრაინაში კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობას და დაეთანხმა დონალდ ტრამპს, რომ გრძელვადიანი მოგვარების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ამასთან, პუტინმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ თეზისს, რომ „დადგა დრო, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთად იმუშაონ“.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და შეერთებული შტატების მოქალაქეების გაცვლასთან დაკავშირებული, ახლო აღმოსავლეთისა და ირანის ბირთვულ პროგრამის საკითხები. ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ როგორც ვლადიმირ ზელენსკის, ასევე ვლადიმირ პუტინს „მშვიდობა სურთ“.
მისი თქმით, ზელენსკისთან განიხილა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, პარასკევს კი მას მიუნხენში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვდებიან.
„იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება. დროა შეწყდეს ეს უაზრო ომი, რომელმაც მასობრივი და სრულიად არასაჭირო სიკვდილი და ნგრევა მოიტანა. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალებზე.
მისი თქმით, უკრაინა ამერიკასთან ერთად განსაზღვრავს ერთობლივ ნაბიჯებს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობის გარანტირებისთვის.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით, დავასრულოთ ეს“, — დაწერა ზელენსკიმ.