ჭირის დამალვა მაინც იჩენს თავს… პულსი ძირითადად ზამთრის კურორტებს ესინჯება – ლაშა ბერეკაშვილი

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის შეფასებით, ტურიზმის სექტორში კრიზისია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და მთავრობის ტურიზმის გუნდს პრობლემების აღიარებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ძირითადი ბაზარია ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ყაზახეთი, ჩეხეთი და გერმანია. კარდინალურად შემცირებულია ან გაუქმებულია ჯავშნები“, – ამბობს ის.
Travel To Georgia ქუთაისში რეგისტრირებული კომპანიაა და როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული.
„იმედი გვაქვს, გაზაფხულიდან ტურიზმში მდგომარეობა გამოსწორდება, თუ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდა. იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, მივიღეთ შემოსავლების 20%. აღსანიშნავია ისიც, რომ შარშან უარესი იანვარი გვქონდა, ვიდრე შარშანწინ ანუ უკვე ზედიზედ ორი წელია გვაქვს იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე წინა წელს“, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქუთაისში კვების რამდენიმე ობიექტი დაიხურა.
“ტურიზმის სექტორში, ჩვენი კოლეგების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ზოგიერთი სასტუმრო დატვირთულია, მათ შორის ქუთაისში, თუმცა ვფიქრობ, ყურადღება უნდა მივაქციოთ – რა ფასად არიან სასტუმროები დატვირთული? თუ გასულ წლებში ფასი იყო 200 ლარი, ახლა შეიძლება 80-100 ლარის ფარგლებში იქირაო ნომერი ანუ სასტუმროებში განთავსების ღირებულება არის უფრო დაბალი, ვიდრე – წინა წლებში. რა თქმა უნდა, კონკურენცია კარგია, რაც ფასსაც დაბლა სწევს, მაგრამ თუ ვიზიტორების დეტალურ კვლევას ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე იაფიან ტურისტს ვიღებთ, რომელიც ნაკლებს ხარჯავს და შესაბამისად, ტურიზმის ბიზნესსაც ნაკლები შემოსავალი რჩება.
ახლა, ძირითადად, პულსი ესინჯება ზამთრის კურორტებს – გუდაურს და ბაკურიანს. უფრო გუდაურის მიმართულებითაა ევროპელი ტურისტების ინტერესი, მაგრამ მხოლოდ ტრანსპორტით ვემსახურები – არც გიდის სერვისს იღებენ, არც – კვების სერვისს. მხოლოდ ვხვდებით აეროპორტში და მიგვყავს სასტუმროში, რომელიც თავად დაჯავშნეს, რათა მაქსიმალურად ბიუჯეტური მოგზაურობა მიეღოთ.
ბუნებრივია, რომ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო თუ ფასს შეამცირებს, ის კონკურენციას გაუწევს საოჯახო სასტუმროს და როცა ასეთი პოლიტიკა აქვთ სასტუმროებს, ეს მიუთითებს კრიზისზე, რომელსაც მთავრობა არ იმჩნევს და ისე საუბრობენ, თითქოს კრიზისი არ არსებობს და არც ჩვენ ვარსებობთ. ჭირის დამალვა მაინც იჩენს თავს. ნებისმიერი გამოწვევის დამალვა, ხვალ უფრო დიდ პრობლემად იქცევა“, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
Travel To Georgia-ს დამფუძნებელმა მთავრობის ტურიზმის გუნდს ურჩია, შექმნან სამუშაო ჯგუფები და რეგიონების მიხედვით, ჩაატარონ კვლევა ტურიზმის ყველა აქტორის გამოკითხვის გზით.
„კვლევა აჩვენებს, ტურიზმის რომელ რგოლში რა მდგომარეობაა და გამოჩნდება, ვის რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოსგან და როგორი ანტიკრიზისული გეგმა უნდა შემუშავდეს“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება ინტერესების დაცვას- ირაკლი კობახიძე