2024 წელს საქართველომ საწვავის 54% რუსეთში, 16.7% კი ბულგარეთში იყიდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA), 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით 2024 წელს, ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 668 280 ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის – 62%. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.
2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 54%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 16.7% და რუმინეთი – 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.
