რევაზ კიკნაძე ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს:
“პირველ დღეს მეშინოდა, მეორე დღეს იყო გაურკვევლობა, მესამე დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველი სასამართლოს შემდეგ, შიშმა და გაურკვევლობამ პიკს მიაღწია. მეოთხე დღიდან დაიწყო ჩემი სრული რეინკარნაცია, ამოტრიალება, კათარზისი.
თანდათან ძალა მემატებოდა, ყოველ ახალ დღეს სიამაყის გრძნობა, სიმხნევე და ბრძოლის ჟინი ერთი-ორად იზრდებოდა. ერთ დღესაც მივხვდი, მთლიანად შევიცვალე. აღარც ციხის კედლები მაღელვებს, არც ის, როდის გამიშვებენ ან გამიშვებენ თუ არა საერთოდ. მხოლოდ ერთი მიზანიღა დამრჩა – ვიბრძოლო უსამართლობასთან იქამდე, სანამ პირში სული მიდგას. არასდროს დავუხარო თავი ძლიერს, მაგრამ არასწორს. უპატივცემულობა გამოვიწვიო მასში, ვინც თავად არ არის პატივისცემის ღირსი, ყველაფერი გავიღო ტირანიისა და დიქტატურის დასამხობად. მხოლოდ წინააღმდეგობა და არანაირი კომპრომისი მტერთან.
ასე გავხდი 8 კვადრატულ მეტრ დილეგში მყოფი მე, იმათზე ათასჯერ უფრო თავისუფალი, ვინც ფულის დასტებზე წევს და ღამის ქოთანიც ალბათ ოქროთი აქვს მოვარაყებული. მაგრამ, გარეთ ისე ვერასდროს გამოდის, თუ აკვარიუმი არ აიფარა, შუშები არ დაიბურა, ხუთი დაკუნთული არ ჰყავდა გვერდით.
სიკვდილი რა ჩემი ფეხებია, სიკვდილის მისნაირ წურბელებს უნდა ეშინოდეთ, ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციეს. იცით როდის აცნობიერებ, რომ თავისუფლების ზენიტს მიაღწიე? როცა აანალიზებ, რომ საერთოდ არაფერს ნიშნავს როგორ მდგომარეობაში იქნება შენი ხორცი, აი ფიქრს და გონებას კი ვერავინ გაგიკონტროლებს. ის მხოლოდ შენია და არავისზეა დამოკიდებული. მე შემიძლია სასამართლოს დარბაზში ბოლო ხმაზე ვიყვირო, მოსამართლეს ვაგრძნობინო, რომ ადამიანად არ ვთვლი, პოლიციელს დავცინო, არ მოვერიდო ყველასთვის იმ ადგილის მიჩენას, რასაც იმსახურებენ, რადგან უკვე აღარაფრად მიმაჩნია, რა მოუვა ჩემს სხეულს. ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ ხარ, როცა “გულს ცეცხლი ედება” და ბრძოლაში კვდები. იმისთვის ბრძოლაში, რაც ერთადერთ სწორ მოცემულობად მიგაჩნია და საერთოდ არ ნანობ ასეთ სიკვდილს, სიკვდილს იდეისთვის.
ყველაზე თავისუფალი მაშინ ხარ, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში კვდები… “მაგრამ, არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი, რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილი, რაღაცას ნიშნავს, რადგან ყოველთვის ბოროტის გვერდით არის კეთილი”…
ერთი კარგი ანდაზა აქვთ, თუ არ ვცდები, მექსიკელებს. შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს. მათ ეგონათ, რომ მიწაში ჩაგვმარხეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ სინამდვილეში დაგვთესეს და ახალი ნაყოფის აღმოცენებას შეუწყვეს ხელიო. ზუსტად ასეა ჩვენი ამბავიც, უნდოდათ დილეგში გამოკეტვით დავეშინებინეთ, ბრძოლის სურვილი დაგვეკარგა და ამ დროს პირიქით უფრო მეტი ძალა, მხნეობა და საბრძოლო სულისკვეთება მოგვცეს” | წერს რევაზ კიკნაძე წერილში.