კოსტავაზე მშენებარე სასტუმრო Hilton-ის მფლობელი მაკა ასათიანის ვაჟი გახდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას მშენებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის მფლობელი ბიზნესმენ მაკა ასათიანის შვილი კახი ჟორ გახდა.
სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანია შპს „გრანატმა“ წლების წინ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აიღო.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მიმდინარე წელს შპს „გრანატის“ მფლობელები შეიცვალა და უზბეკეთის მოქალაქე შომუროდ ილიასოვმა (75%-იანი წილი) და ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა (25%) თავიანთი წილები შპს დიემჯი გრუპს გადასცეს. თავის მხრივ, შპს დიემჯი გრუპს-ის მეწილეები კახი ჟორდანია (62.9%) და ელისაბედ ტრაპაიძე (37.1%) არიან.
მფლობელების გარდა, შეიცვალა სასტუმროს დასრულების თარიღი და ის 2027 წლამდე გადავადდა. როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, ცვლილება შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანატს“ შორის 2021 წლის 2 ივლისს დადებული „ვალდებულების აღების თაობაზე“ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებულ პირობაში.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია შეთანხმებულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაზე ნებართვა უკვე მიიღო, მათ შორისაა, სართულების დაგეგმარება, რამდენიმე სართულის ნიშნულის ცვლილება, ლიფტების და კიბეების პოზიციების ცვლილება და შემინული დაშენების გაბარიტების ცვლილება და სხვა. გარდა ამისა კომპანიას მიმდებარე გზის, ტროტუარის, კუნძულის და პანდუსის მოწყობის მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოების უფლებაც მიენიჭა.
„იგეგმება არსებული შენობის რეკონსტრუქცია მიშენება–დაშენებით, სადაც განთავსდება საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 200 ნომრით.
ნაკვეთის ფართობი შეადგენს 4544 კვ. მ–ს. აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონას, მასზე არ არის განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები. აღსანიშნავია, რომ ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით საკვლევ ტერიტორიას უკავია საინტერესო ადგილი, რაც გამოიხატება მის გარშემო მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაგებობისა და შენობების განლაგებით. ასევე მის გარშემო ქალაქის მნიშვნელოვანი რაიონების არსებობით (ვერა – ვაკე –საბურთალო – დიდუბე – აღმაშენებელი – რუსთაველი – ცენტრი – მთაწმინდა), რაც ქმნის აქ სატრანსპორტო კვანძს.
პროექტის კონცეპტუალური დაგეგმარებისთვის მნიშვნელოვანი გახდა იდეა, რომ ქალაქისთვის არა მარტო შექმნილიყო ერთ–ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, არამედ სასტუმროს შეექმნა ასევე შესაძლებლობა საზოგადოებრივ–საქმიანი თუ კულტურული სივრცეების განვითარების ნაწილშიც. შესაბამისად, პროექტით განისაზღვრა სასტუმროში განთავსებულიყო 200 ნომრიანი სასტუმრო მაღალი სტანდარტების მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა პარკინგი, ლანდშაფტური ზონა ტერასით, რესტორანი, მცირე და დიდი საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო-საღონისძიებო სივრცეები, გამაჯანსაღებელი ცენტრი ფიტნესითა და სპაცენტრით.
ობიექტზე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, გრძელდება მოსაპირკეთებელი და არამზიდი ელემენტების მოწყობის სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ შენობაში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანია შპს „გრანატმა“ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი „გრანატმა“ შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო „გრანატს“ ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში უნდა შეეყვანა.
ხელშეკრულება 2019 წელს გადაიხედა, მაშინ ცვლილებები გულისხმობდა სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებას და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას არაუგვიანებს 2021 წელის 18 მაისისა. მაშინ ინვესტორს სასტუმროს შექმნის მიზნით 20 მლნ-ის ნაცვლად 25 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.
თუმცა უკვე 2021 წელს „გრანატმა“ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება 24 თვით მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო, მას შემდეგ კომპანიამ არაერთხელ წარადგინა კორექტირებული პროექტი და მოითხოვა მშენებლობის გაგრძელების უფლება, საბოლოოდ ის მხოლოდ 2023 წელს მიიღო.