დავით ნარმანია: მილის დაზიანება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვაშლიჯვარის მოძრავი ქანებით, თუმცა კონკრეტული მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს

„ფაქტია რომ ზემოქმედება იყო, ზემოქმედების გარეშე მილი ვერ დაზიანდებოდა“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ვაკე-საბურთალოს გაზის მილის დაზიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მანვე განმარტა, 500 მმ-იანი მილი ვაშლიჯვარში, მიწის ქვეშ მდებარეობს. მისი თქმით, მილის დაზიანება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვაშლიჯვარის მოძრავი ქანებით, თუმცა კონკრეტული მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ის თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, გამოძიების დასადგენია. რეაგირება „თბილისი ენერჯის“ მხრიდან იყო მყისიერი. ფაქტის დაფიქსირებისთანავე მოხდა ჩაკეტვა და სისტემის დაცლა ბუნებრივი აირისგან. იმავე ღამესვე მოხდა დაზიანების აღდგენა და გუშინ დილიდან დაიწყო სისტემის დატვირთა.
ეს არ არის ახალშედუღებული მილი, ეს არის წლების განმავლობაში იქ არსებული მილი, რაზეც გარკვეულმა ფაქტორებმა იქონია გავლენა. კონკრეტულად მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოკვლევა დასრულდება. (ეს მილი არის მიწის ქვეშ) ვაშლიჯვრის ტერიტორიაზეა, მოგეხსენებათ, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მიწის ქანების მოძრაობა, ეს გახდა მიზეზი თუ კიდევ სხვა რამე, მოგვიანებით იქნება ცნობილი. ვადის დასახელება გამიჭირდება, რადგან ჩვენი კომპეტენცია არ არის,“ – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს დღის ბოლომდე სრულად აღდგება.
„ხშირად ისმის კითხვა, რომ თუ მოხდა დაზიანების აღდგენა, რატომ არ არის გაშვებული ყველგან. ბუნებრივი გაზი საფრთხის შემცველი პროდუქციაა, აქედან გამომდინარე, მისი მყისიერად ქსელში ჩაშვება არ ხდება, ხდება ეტაპობრივი დატვირთვა უბნების მიხედვით და მოსახლეობის გაფრთხილება სემეკის წესების შესაბამისად. გუშინ ვაკის ძირითადი ნაწილის და საბურთალოს ნაწილის დატვირთვა მოხდა. დღეს დღის ბოლომდე კი, გაზის მიწოდება აღუდგება ყველა ადამიანს“, – ამბობს დავით ნარმანია.