„უცხოელი ინსტრუქტორების და გიდების შემოსევა გვაქვს“ – მამუკა კელაურაძე

„უცხოელი ინსტრუქტორების და გიდების შემოსევა გვაქვს,“ – ამის შესახებ ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ “ბიზნესპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, ის არ დასწრებია დარგის წარმომადგენლებისა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის შეხვედრას, რადგან ამის შესახებ კომპანიისთვის არავის უცნობებია. თუმცა, მამუკა კელაურაძე bpn.ge-სთან საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც სექტორს აქვს.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურასთან ერთად კვლავაც მწვავედ დგას უცხოელი გიდების საკითხი. როგორც მამუკა კელაურაძე ამბობს, მათ შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნიათ.
“მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე [ტურიზმის ადმინისტრაციისა და ბიზნესის შეხვედრა]. ჩვენ არ მიგვიღია ადმინისტრაციისგან მიწვევა და კარგად არც ის ვიცი, რა საკითხები დააყენეს ჩემმა კოლეგებმა. ისიც არ ვიცოდი, რომ ტარდებოდა. გავიგე ბოლო, წამს და ჩემს გეგმებს ვერც შევცვლიდი. საკითხები კი ძალიან ბევრია, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, როგორც ყოველთვის. რაღაცები კი გაკეთდა, მაგრამ ეს დღესაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
ერთ-ერთი ასეთია ტურისტული პარკინგების საკითხი, ქალაქში საერთოდ გაჩერება პრაქტიკულად, შეუძლებელია. ქალაქგარეთ რაღაც ადგილებში შედარებით მოწესრიგებულია, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს.
ასევე, უცხოელი ინსტრუქტორების და გიდების შემოსევა გვაქვს. აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან საქართველოს ისტორიაში და კულტურაში. ისინი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ატარებენ ტურებს, ექსკურსიებს და ა.შ. აბა იგივე გაბედე იტალიაში, ისრაელში ან საფრანგეთში და არალიცენზირებულმა გიდმა ჩაატარე ექსკურსია…
ჩვენთან კი მიშვებულია და ისევ დაახლოებით 20 წლის წინანდელი მიდგომაა, რომ ადვილად უნდა ვაკეთოთ ბიზნესი. 20 წლის წინ, გასაგები იყო, რომ ნულიდან უნდა დაგვეწყო ყველაფერი, მაგრამ ახლა შეზღუდვები აუცილებელია.
პარალელურად, ერთი დიდი პრობლემაა ტურიზმის კანონი, რომელიც ძალაში ნაწილობრივ შევიდა. თუმცა, სულ სხვა რეალობა იყო 2 წლის წინ, როდესაც ეს კანონი შეიქმნა და ბევრი დეტალია აქაც გასარკვევი,“ – ამბობს მამუკა კელაურაძე.