იაგო კაჭკაჭიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” უფრო დასუსტდა, დაკარგა ამომრჩევლის დაახლოებით 8-9 %, თუმცა ჯამში ხმების 32%-ის მობილიზება შეუძლია

შეიძლება ითქვას, რომ დღეს “ქართული ოცნების” ამომრჩევლის უმრავლესობა თავის არჩევანში მყარად დარწმუნებული არ არის, მაშინ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 40% თავის არჩევანში მყარადაა დარწმუნებული და თავის პოლიტიკურ ორიენტაციას ბევრი ნიშნით სტაბილურად ამჟღავნებს , – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ გამოკითხვების საფუძველზე განაცხადა, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის.
კაჭკაჭიშვილის თქმით, სოციოლოგიურ კვლევაში გამოკითხული პირები მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით, პირისპირ გამოიკითხნენ და მათი გამოპასუხების სიხშირე 75% იყო.
“კვლევის ჩატარების ინიციატორი იყო ჩვენი ორგანიზაცია, ამ კვლევის უკან არცერთი პარტია არ დგას. ინტერესი იყო სწორედ ის, რომ ს შემდეგ არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი, ყოველ შემთხვევაში, საჯარო გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის. რაღაც კვლევები ჩატარდა, მაგრამ იყო სატელეფონო გამოკითხვების საფუძველზე და ვფიქრობ, რომ დღეს სატელეფონო გამოკითხვებით მიღებულ მონაცემებსა და ინფორმაციას ცდომილების მაღალი პროცენტი აქვს იმიტომ, რომ ტელეფონზე კომუნიკაცია სადამსჯელოო მექანიზმად მოჩანს უკვე ადამიანების თვალში, ვიდრე ნეიტრალურ მექანიზმად, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო სწორედ პირისპირ ინტერვიუს ჩატარებულიყო ეს გამოკითხვა.
მივმართეთ დონორ ორგანიზაციებს – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდს” (ყოფილი “სოროსის” ფონდი) და ასევე, “საქართველოს გაეროს ასოციაციას”. საბედნიეროდ, ამ ორმა ორგანიზაციამ დააფინანსა კვლევა. ეს არის საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვა. გამოკითხულია 2 000 რესპონდენტი, რაც შედეგების მაღალ სტატისტიკურ სანდოობას უზრუნველყოფს.
ე.წ. გამოპასუხების სიხშირეც იყო მაღალი, დაახლოებით 75%. რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი წესის დაცვით, მოკლედ, ყველა სტანდარტი იქნა გათვალისწინებული.
ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობას შევხედოთ პოლიტიკური მიკუთვნებულობის ჭრილში. ამ ინდიკატორების საფუძველზე, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მეტ-ნაკლები სიზუსტით დაგვეყო საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა, დაახლოებით, 60% არის ოპოზიციური განწყობის მქონე. “ქართული ოცნებისა” და მასთან იდეოლოგიურად დაახლოებული პარტიების ხვედრითი წილია მესამედი – 33-34% და დაახლოებით 7% არის გაურკვეველი.
გამოიკვეთა, რომ “ქართული ოცნებისა” და მსგავსი პარტიების მომხრეთა უმრავლესობა – 64% არის სუსტი მომხრე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს “ქართული ოცნების” ამომრჩევლის უმრავლესობა თავის არჩევანში მყარად დარწმუნებული არ არის, მაშინ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 40% თავის არჩევანში მყარადაა დარწმუნებული და თავის პოლიტიკურ ორიენტაციას ბევრი ნიშნით სტაბილურად ამჟღავნებს”, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
კითხვაზე, მაშინ რით აიხსნება არჩევნების ამგვარი შედეგი, რომელიც საერთოდ არ არის ახლოს კვლევის შედეგებთან, კაჭკაჭიშვილმა უპასუხა, რომ სწორედ ეს კვლევა არის იმის საბუთი, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. სოციოლოგის თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები 26 ოქტომბრის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს ემთხვევა.
“ჩვენი კვლევა არის კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნები არის მანიპულირებული. გამოკითხვაში ჩვენ დავსვით შეკითხვა, მიიღეს თუ არა მონაწილეობა წინა არჩევნებში და ვის მისცეს ხმა, აღმოჩნდა, რომ იმათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, “ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა 32%-მა და 51%-მა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. დაახლოებით 17% -მა უარი თქვა, ამ კითხვაზე პასუხი გაეცა და ჩვენ ჩაძიებით შევისწავლეთ ეს 17% და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებისგან დაახლოებით 9% არის პროსახელისუფლებოდ განწყობილი და ეს შედეგები პირდაპირ ეხმიანება ეგზიტპოლების შედეგებს, რომელიც ორმა საერთაშორისო კომპანიამ გამოაქვეყნა არჩევნების დღეს. საოცარი იყო ასეთი დამთხვევა.
ამ კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” უფრო დასუსტდა და მან დაკარგა ამომრჩევლის ნაწილი დაახლოებით 8-9%-ის ფარგლებში. ჩვენ რეიტინგებიც გავზომეთ და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მისი სტაბილური ამომრჩეველი არის მეოთხედი, ანუ 25%, თუმცა, ჯამში, დღეს “ქართულ ოცნებას” შეუძლია ხმების 32%-ის მობილიზება.
სხვა პარტიების რეიტინგი არის ოდნავ გაუმჯობესებული და ლაგდება ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არჩევნებზე იყო”, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.