ENQA-ს წევრობის დაკარგვიდან სანქციებამდე – რა ელის საქართველოს განათლების სისტემას

საქართველოს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციიდან (ENQA) გარიცხვის შემდეგ დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა. ამ ევროპული ორგანიზაციის წევრობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება უხვად საუბრობდა იმ უპირატესობებზე, რომლებიც ამ ორგანიზაციას მოაქვს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის. ორგანიზაციიდან გაშვების შემდეგ იგივე ხელისუფლება აცხადებს, რომ ENQA-ს წევრობა დიდად არაფერს ნიშნავდა ქვეყნისთვის. რა მოხდა ამ თვე-ნახევრის განმავლობაში და რა გამოწვევები დაუდგა საქართველოს განათლების სისტემას, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ექსპერტს განათლების საკითხებში რევაზ აფხაზავას.
– გასული წლის ბოლოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია. ამ საკითხზე ბევრი თქმულა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებიდან თვე-ნახევარზე მეტი გავიდა და მაინტერესებს, დღემდე რა კონკრეტული ნეგატიური შედეგი დაუდგა განათლების სისტემას საქართველოში?
– თუ გადავხედავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თავდაპირველ განცხადებას, მათ თქვეს, ENQA-ს წევრობით რისი მიღწევა შეეძლოთ და რატომ იყო ეს ასეთი დადებითი. ისაუბრეს საერთაშორისო აღიარებაზეც. უამრავი ჩამონათვალი გააკეთეს, რაც გვაძლევდა საშუალებას გვეფიქრა, რომ ძალიან კარგი საქმისკენ მიდიოდა საქართველო. მერე თითქოს არაფერი. დიდი ზიანი აქ არაფერს არ მიადგება და რაღაცები თქვეს, მაგრამ თქვენ რომ ნახოთ ოფიციალური განცხადება, იქ ნახავთ იმასაც, რა დადებითის მომტანი იყო ENQA-ს წევრობა. ახლა ყველაფრის საპირისპიროდ თქმა შეგვიძლია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარებას და რა თქმა უნდა, მის აღიარებას მსოფლიოში.
საბჭოთა კავშირი აღარ არის, რომ რკინის ფარდა იყოს ჩამოფარებული. განათლების სისტემა არის გლობალური და მეცნიერებაც ასევე არის გლობალიზებული.
სამწუხაროდ ჩვენ მოვექეცით იზოლაციაში, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ჩვენთან სიტუაციას. მაგალითად, ერთობლივი პროგრამების განხორციელებას უმაღლეს განათლებაში და კვლევებში, რაც არის კატასტროფული შედეგი. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ პოლიტიზებული იყო სისტემა. ავტონომიურობის ხარისხი იყო დაბალი ეს კი პირდაპირ წერია დასკვნაში. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მინისტრის მოადგილეები მართავდნენ ხარისხის განვითარების ცენტრს და ჩვენ მას მერე არაერთხელ ვნახეთ განცხადებები, როგორ ემუქრებოდნენ ავტორიზაციის გაუქმებით უნივერსიტეტებს, რომელთა სტუდენტებიც პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას. აი, ამას შესწირეს ქვეყნის განათლების სისტემა.
– ევროპაში მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ საუნივერსიტეტო რეფორმა დააანონსა, მანამდე მ ისიც თქვა, რომ საქართველოში მხოლოდ ორი უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს – თსუ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. რა საფრთხეს ხედავთ მმართველი პარტიის ამ განზრახვაში საქართველოს განათლების სისტემისთვის?
– სრული სიგიჟეა. ჯერ ეს ერთი, კობახიძეს ვინ ეკითხება. მაგაზეა საუბარი სწორედ – უნივერსიტეტები უნდა იყვნენ თავისუფალნი პოლიტიკური დავალებებისგან, პარტიული პოლიტიკის გავლენებისგან.
ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე უნივერსიტეტებს ყოველთვის ჰქონდათ თავისი სათქმელი და უნდა თქვან კიდეც, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი არ არის რაღაცა ვაკუუმში არსებული ორგანიზაცია. ეს არის კვლევითი, სასწავლო დაწესებულება. ჩვენი პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული დღემდე ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ისინი იყვნენ ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლები.
დღეს განათება რა მდგომარეობაშიც არის, სწორედ იმის ბრალია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან უხეშად ერევა განათლების პოლიტიკაში და ეს ყველამ ვიცით, რომ თვითონ ნიშნავენ კადრებს. იმ უნივერსიტეტებზე კი, რომლებზეც გავლენა აქვთ დაფინანსების გამო, აქ თვითონ ნიშნავენ რექტორებს და ასე შემდეგ.
საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ვხედავთ, რამხელა საფრთხის ქვეშ არის ახლა ქართული განათლების სისტემა. მის განვითარებას ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე.
წლების განმავლობაში ვუყურებთ მასწავლებლები როგორი წნეხის ქვეშ არიან, როგორი პოლიტიზებულია სისტემა. განათლების სისტემა პარტიული ინტერესის გავლენის ქვეშ ექცევა და ახლა რასაც ისინი ლაპარაკობენ, არის დამატებითი გავლენის მოპოვების საშუალება.
„ოცნების“ მიზანი არ არის განათლების განვითარება, მათი ინტერესის საგანია ძალაუფლების შენარჩუნება.
კონკრეტულად არ იციან, რა უნდათ. მათ გვერდით პროფესიონალები აღარ არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ხან ყოფილი პროკურორები არიან განათლების მინისტრები, ხან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ახალა კი ძირითადად განათლების სფეროში იურისტები ჰყავთ დასაქმებული და არა განათლების სპეციალისტები. მათ არ ჰყავთ არავინ რეალური, ვინც განათლების განვითარებაზე იზრუნებდა. ეს არის აბსურდი, რასაც ახლა ესენი ლაპარაკობენ იმიტომ, რომ საუბრობენ პროპაგანდისთვის. იმიტომ, რომ მათ რომ სურდეთ განათლების განვითარება, მაშინ უნდა ავტონომიურობაზე იზრუნონ და დეცენტრალიზაციაზე განათლების სისტემის. ამაზე კი არ ფიქრობენ.
სკოლის დირექტორებად – აქტივისტები და კოორდინატორები – მასწავლებლებად. ასე კი მოგეხსენებათ, ვერც უმაღლესი განათლება განვითარდება და ვერც სასკოლო განათლება.
ჩვენ ვნახეთ მაგალითად სუს–ის კრებსები, სადაც წერია, როგორ აფასებს სუსი სკოლის დირექტორებს და ამბობს, რომ ისინი არასაკმარისად აქტიურნი არიან პარტიული ინტერესებისთვის და ასე შემდეგ, რომ არ არის რეკომენდებული შესაბამისად, რადგან არ არის ძალიან აქტიური და არ უნდა იყოს ამ თანამდებობაზე.
შესაბამისად, მივიღეთ ჩვენ, რომ სკოლის დირექტორებად ვინც მართლა პროფესიონალები იყვნენ დახსნეს და დანიშნეს თავიანთი პარტიული აქტივისტები. აბსურდში ვცხოვრობთ და აქ რა განათლებაზეა საუბარი.
ყველაფერს შეცვლიან საიმისოდ, რომ მთელი განათლების სისტემა გამოიყენონ თავიანთი პროპაგანდისთვის, რომ მთლიანად წაშალონ საკუთარი ისტორია და დაწერონ ისტორია ისეთი, სადაც იქნება და „ქართული ოცნება“ და ამას არავინ არ შეარჩენს. ეს ის ქვეყანა არ არის, მათ რომ ჰგონიათ.
ბელარუსს და „ოცნებას“ ერთნაირი „განვითარება“ არ აქვს. მართალია, დირექტივა ერთი კაბინეტიდან იძლევა, როგორც ბელორუსში, ისე საქართველოში. ერთი უწყება, კგბ მართავს მას და საქართველოში ეს უბრალოდ არ გამოუვათ.
შეიძლება, რომ ოთხ პრორუსულ ქვეყანაში ერთდროულად მოუნდეთ, რუსული კანონის მიღება? ისეთი დამთხვევა მოხდეს, ისე განეწყონ პლანეტები, რომ უცებ… – ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ეს სტატისტიკურად შეუძლებელია. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ერთი ოთახიდან დაირეკა ოთხივე ქვეყანაში.
– კერძო უნივერსიტეტებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა უცხოელი სტუდენტები. თუ დააკვირდით, როგორ აისახა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის დასანქცირების პროცესი, განათლების ექსპორტზე?
– გრძელვადიან პერსპექტივაში ის, რომ ჩვენ საერთაშორისო აღიარებ აღარ გვექნება, ძალიან ნეგატიურად აისახება განათლების სისტემაზე.
ჩვენთან განათლება იაფია დასავლეთის ქვეყნების განათლებასთან შედარებით. ამიტომ, იქ წასვლას ურჩევნიათ აქ ჩამოვიდნენ რადგან ჰქონდეთ საერთაშორისო აღიარება და ახლა თუ ეს უკანასკნელი აღარ იქნება, აღარავინ ჩამოვა. ეს უნივერსიტეტები, რომლებიც უცხოელი სტუდენტებისგან შემოსული თანხებით არსებობენ, ესეც დაიკარგება.
„ქართულ ოცნებას“, როცა ხედავს, რომ მათი ხალხი შიმშილობს, არ აქვს იმის რესურსი, რომ შემდეგ ეს დანაკლისი შეავსოს.
ფაქტობრივად, ბევრი უნივერსიტეტი დახურვის საფრთხის ქვეშ დადგება, როცა ეს აღიარების საკითხი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სტუდენტების ნაკადიც მოიკლებს და დაფინანსებაც აღარ იქნება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2024 წლის 6 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა.
განმარტება ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს.
ცენტრში აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და შესაბამისად, იმედოვნებენ, EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.
განათლების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.
gbc.ge