ნათია მეზვრიშვილი: უწყება, რომლის უმოქმედობის კისერზეა ასობით ადამიანის ცემა-წამება და უკანონო პატიმრობა, ქვეყნის მოღალატე რეჟიმის მიერ დაკვეთილ მორიგ გამოძიებას იწყებს

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პროკურატურა, რომელიც ობიექტურად ყოველთვის გამორჩეული იყო სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან და სასამართლოსთან შედარებითაც კი კვალიფიკაციით და ავტორიტეტით, ფსკერს ამ დონეზე მიუახლოვდებოდა.
ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ 2013 წელს პროკურატურის დამოუკიდებლობის რეფორმას იმიტომ ვარატებდით, რომ დღეს ეს სირცხვილი მიგვეღო.
უწყება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში რეჟიმის მიერ განხორციელებული სისტემური ძალადობის და წამების არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია, უწყება, რომლის უმოქმედობის კისერზეა ასობით ადამიანის ცემა-წამება და უკანონო პატიმრობა, ქვეყნის მოღალატე რეჟიმის მიერ დაკვეთილ მორიგ გამოძიებას იწყებს.
წარმოიდგინეთ, თურმე თვეების განმავლობაში ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი მიმდინარეობს და პროკურატურას სძინავს. თვალები მხოლოდ მას შემდეგ აეხილა, რაც რეჟიმის 1000 ლარიანმა „ექსპერტებმა“ განცხადება შეიტანეს. შემირცხვენია ასეთი პროკურატურა.
ამ ფონზე, მაინტერესებს საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia რა ბედი ეწია ჩემს მიერ 2024 წლის 1 დეკემბერს ოფიციალურად შემოტანილ განცხადებას, რომლითაც რეჟიმის მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე გამოძიების დაწყებას ვითხოვ. დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება შემოვიტანე, რომლის განხილვის ყველანაირი ვადა გასულია.
პროკურატურა იქნება პირველი, სადაც ფუნდამენტრური რეფორმა გატარდება. განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის სასამართლოზეა. ეს მიდგომა მცდარია. არ იქნება დამოუკიდებელი პროკურატურა, არ იქნება სამართალი,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.