გიგი უგულავას მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 12 თებერვალს გამოაცხადებს

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ოპოზიციონერის, გიგი უგულავას მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 12 თებერვალს გამოაცხადებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უგულავა განმარტავდა, რომ მას გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, მას განცდა არ ჰქონია, რომ რამეს კეტავდა. მისივე განმარტებით, ის ადგილზე მარშით არ მისულა და ინდივიდუალურად მივიდა. ამასთან, უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი ისეთ ადამიანებს ასამართლებენ, რომლებიც უკვე გადაკეტილ გზაზე იდგნენ. უგულავას თქმით, სწორედ „ესაა აქ პრობლემა, რომ -ს დაბალი სტანდარტი აქვს“.
„ორღერძულა ხაზზე სეირნობა ბევრი თბილისელის ოცნებაა. ვთქვათ, უკვე გადაკეტილ გზაზე ადამიანმა ორღერძულა ხაზზე გაისეირნა, თქვენი ინტერპრეტაციით, ეს ადამიანი სამართალდამრღვევია და შეიძლება თუ არა, რომ მას 5000-ლარიანი ჯარიმა „ავარტყათ“?- მიმართა გიგი უგულავამ შსს-ს წარმომადგენელს, რაზეც შსს-ს იურისტმა განაცხადა, რომ გზა პოლიციას გადაკეტილი არ ჰქონია, ის მოქალაქეების მიერ ხელოვნურად გადაიკეტა. ამასთან, იურისტების თქმით, პოლიციის კორდონი იმას ნიშნავდა, რომ მოქალაქეები გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადასულიყვნენ.
უგულავას თქმით, პოლიცია და მერია მან და მისმა ადვოკატმა უკეთესად დაიცვეს, ვიდრე მოპასუხე მხარემ.
„იქითა მხარე აბსოლუტურად მოუმზადებელია. სამართლის ხალტურასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა უგულავამ.
შსს სასამართლო პროცესზე უგულავას სამართალდამრღვევად ცნობას და ჯარიმას ითხოვდა.
„მაგრად ასწორებს“, ფეხბურთს რომ თამაშობ და მსაჯი შენკენაა, რასაც გინდა, იმას გააკეთებ“, – განაცხადა უგულავამ შსს-ს სიტყვის შემდეგ.
ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.