თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების – მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.
ადგილზე აქციის მონაწილეებს ბუშტები და ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით – „ბოლოს საკუთარ შიშებთან მარტო დარჩებით და არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად“, „ვის ეშინია ფსიქოლოგების?“, „ქვეყნის სამსახური დანაშაული არ არის“ და ა.შ.
როგორ ერთ-ერთი აქციის მონაწილე ფსიქოლოგი აცხადებს, მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ცდილობს.
„ვიცით, რომ შესაძლოა, ჩვენს კოლეგებს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდონ და გვინდა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრება, რომ არ შეიძლება ადამიანს, ყოველგვარი მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის პატიმრობა შეუფარდონ. ხელისუფლება, ალბათ, ცდილობს დააშინოს ადამიანები, რომ გარეთ აღარ გამოვიდნენ. არ გვეშინია და არც მომავალში შეგვეშინდება!“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ასევე აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არამარტო კოლეგების, არამედ ბოლო პერიოდში დაკავებული პირების მხარდასაჭერადაც არიან შეკრებილები.
ცნობისთვის, აქციის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, რომლებსაც სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება. ისინი 8 თებერვალს, ქუთაისში. მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო შეკრებას მართავდნენ, როცა შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
