წინ საქართველო, წინ! – საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები – ევროკავშირის ელჩი
გილოცავთ, „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი“. წინ საქართველო, წინ! – საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას ქართულად მიმართა.
მისივე თქმით, ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა.
ამასთან, ის სცენიდან საქართველოს პრეზიდენტსაც მიესალმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს ესწრება, თუმცა სცენაზე გამომსვლელთა შორის არაა.
„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ, გილოცავთ! დღეს ისტორიული დღეა, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია „ძალა ერთობაშია!“.
დღეს ჩვენი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის, ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. წინ საქართველო, წინ!“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.