გილოცავთ. დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა. მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.
საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და მომავალი თაობებისთვის.
თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ, გილოცავ, საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. წინ, საქართველო, წინ
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი “სახალხო ზეიმზე” სიტყვით გამოსვლისას. ელჩმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართა.