“ბორჯომი” სკანდალს ვერ ასცდა – ინციდენტის დეტალები და სამომხმარებლო რჩევები

საქართველოში თითქმის არ იწარმოება ისეთი პროდუქცია, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და უსაფრთხოების ნორმას 100%-ით აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო უსაფრთხოება დღეს დიდწილად დაცულია, კომპანიები მაინც არ აწარმოებენ სრულად უსაფრთხო პროდუქციის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სურსათის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევები ხშირია და უმეტეს შემთხვევაში იგი პროდუქტის შემადგენლობას უკავშირდება, რაც შეიძლება მომხმარებლისთვის საფრთხის შემცველი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია „ბაკურიანი ციდასთან” დაკავშირებული ინცინდენტი. სამხარაულის ექსპერტიზამ დარღვევა დაადგინა.
4 თებერვალს სოციალურ ქსელშიგავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოთლიდან დალეული სითხის გამო, მცირეწლოვან ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ფაქტი კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველომ“ უარყო. კომპანიის განმარტებით, შემოწმდა ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
საპირისპიროს ამტკიცებს მომხმარებელი. მოქალაქე ნინო ფრიდონიშვილმა გამოაქვეყნა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის პასუხი, სადაც გარკვევით წერია, რომ ბოთლში აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი. ფრიდონიშვილმა აღნიშნულის დასადასტურებლად ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნის ფურცელიც გაასაჯაროვა.
“ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. “გლოვოთი” რამდენიმე ბაკურიანის “ციდას” ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუ არა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი. ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან, რომ არ გადაყლაპა. აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა, რომ მასში იყო სუფთა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.
ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც “ციდას” ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით დალევის შედეგად ჩაეწვა ყელი. ეგ სხვა ბავშვია და არ არის ერთი და იგივე “ქეისი”.
იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება”, – დაწერა ფრიდონიშვილმა სოციალურ ქსელში.
კონკრეტულად რამ გამოიწვია ბავშვის მოწამლვლა, ალბათ, ამ კითხვას ობიექტური პასუხი გაეცემა და გახდება საჯარო. მანამდე კი როგორც მკვლევარები აცხადებენ, დიდი საწარმოებიდან დაწყებული, საოჯახო მეურნეობების ჩათვლით, სურსათის უსაფრთხოება სერიოზული პრობლემაა, რის მოსაგვარებლადაც ქვეყანას საკმარისი რესურსი არ გააჩნია. სწორედ ამის შესახებ გაამახვილა ყურადღება “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ.
,,რთულია მოკლე პასუხის გაცემა, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების კუთხით. კონტროლი ნამდვილად არის, მაგრამ რესურსი არასაკმარისია, ადამიანურიც და ფინანსურიც. პროგრესი აშკარაა, მაგრამ ეს არ გვაძლევს არანაირად დამშვიდების საფუძველს, არ გვექნება შედეგი, თუ სათანადოდ არ შემწმდება ბიზნესოპერატორები ისეთები, რომლებიც შეიძლება არ არიან ცნობილები, მაგრამ ინტენსიურად მუშაობენ, ასევე რისკის შეფასება სათანანდოდ თუ არ მოხდება, ამის გარეშე ეფექტიანი კონტროლი გაჭირდება.
ერთ-ერთი დიდი პრობლემა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმის შეუსაბამობაა. გარდა ამისა, ქიმიური დანამატები, პრაქტიკულად, ვერ კონტროლდება. ამ დროს ასეთ დანამატებს თითქმის ყველა იყენებს, არ არსებობს თანამედროვე პირობებში პროდუქტი, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავდეს, გლეხური მეურნეობები, პატარა მეურნეობები, მცირე ობიექტები ვერ კონტროლდება, არც დიდი ობიექტების შემთხვევაში ვართ დაზღვეული”, – განაცხადა კობალაძემ.
მისივე თქმით, კანონდარღვევაა, როცა გამოვლენილი მავნე პროდუქციის შემადგენლობის შესახებ მომხმარებლებს დეტალური ინფორმაცია არ მიეწოდებათ.
,,ერთ ნიმუშში გამოვლენილი დარღვევა ავტომატურად ნიშნავს, რომ მთელი პარტია უნდა იქნას ქსელიდან ამოღებული, რადგან საფრთხისშემცველია. ამის შესახებ სააგენტომ უნდა აცნობოს რაც შეიძლება სწრაფად, ეს კანონითაც გაწერილია”, – აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.
კვების სეგმენტში კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობენ სურსათის სფეროს ექსპერტებიც. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია აცხადებს, რომ საფთრხე არსებობს და ეს ამ შემთხვევაშიც დადასტურდა.
,,ქიმიური დანამატების შედეგად ადამიანების მოწამვლის ფაქტი ადრეც დაფიქსირდა და ეს ეხებოდა წყლის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ. შეიძლება ბევრს ახსოვს კიდეც ის შემთხვევა, თავის დროზე რეზონანსული იყო. ზოგადად ქიმიური დანამატი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, განსაკუთრებით, თუ შენახვის პირობები დაირღვა. ამას სისტემური კონტროლი სჭირდება. ასეთი პროდუქტი უარყოფითი შედეგის მომტანია, სიმკაცრეა საჭირო, კონტროლის დონეზე, რომ მომხმარებლის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული.
საყურადღებო საკითხია. ქიმიური დანამატებით პროდუქტს უხანგრძლივებენ ვადას, მაგრამ ეს ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მაქსიმალური კონტროლია საჭირო, ამან შეიძლება ღვიძლის, სისხლის დაავადებები, სისუსტე და სხვა გართულებები გამოიწვიოს.
სახელმწიფოს პირველი საზრუნავი ჯანდაცვა უნდა იყოს, ეს ზრუნვა ყველა მოქალაქეზე იგრძნობოდეს, 40 წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ადამიანი დღეს დაავადებულია, ეს არის საგანგაშო ფაქტი, ამიტომ არსებობს პრევენციული გზები, რაც აუცილებლად უნდა გამოინახოს”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
წყარო: რეზონანსი