მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე. შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე – კობახიძე
ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა საქართველოს მომავალს სრულად ინტეგრირებულს დასავლური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემაში, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას ნიშნავდეს, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირები აბსოლუტურად ნათელია.
„რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებების, მიდგომების და ჩვენს ირგვლივ შექმნილი საერთო კონტექსტის გამო. თუმცა, ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე მისი ყველა გვერდითი ეფექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთების გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა დახურულ კარს მიღმა და ხანდახან საჯაროდაც გვთხოვდნენ ამას დასავლეთიდან. ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. პირველივე წელს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ხოლო პესიმისტური სცენარით რეცესია მინუს 18 პროცენტიც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველომ ბევრი განსაცდელი გამოიარა და სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენს იბრძოდა ხელისუფლება ქვეყანაში კიდევ ერთი ომის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია.
„თავიდანვე – 2022 წლის თებერვლიდან – ვამბობდით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ხალხი იხოცება და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ეს აუცილებელია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და მაინც, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. ეს არის ჩვენი შუალედური მიზანი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენ კი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით და თუ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე. მზად ვართ, თანმიმდევრულად შევასრულოთ ყველა ვალდებულება ასოცირების დღის წესრიგის, DCFTA-ის ფარგლებში. აქ საუბარია ძალიან მკაფიო დღის წესრიგზე. ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ მოთმინება. ამავე დროს, ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომლებიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/br_w_h-VJpxuB-300x169.jpeg)