აი ფაქტი: გელათს გრუნტის წყალიც ერჩის – რას უპირებენ პრობლემას? ნაწილი 2

გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოში წყალი დგება. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი – ტაძრის დასავლეთით, ძველისძველი წყალმომარაგების თიხის მილები დაზიანებულია, მეორე – წვიმების დროს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ფერდობებიდან მიწისქვეშა წყლის ნაკადები ტაძრის ეზოში ჩამოედინება. წყლით გაჟღენთილი ნიადაგი კი საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობასაც და შესაძლოა მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის კონსტრუქციასაც.

გამოსავალი სადრენაჟო სისტემის მოწყობა და წყალმომარაგების მილის შეკეთებაა. თუმცა, ბუნდოვანია, რას აკეთებს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ამ მიმართულებით. ამ საკითხზე მათ არაფერი უხსენებიათ, არც საჯარო დოკუმენტებში და არც ინტერვიუებში.

არადა, დროთა განმავლობაში, მონასტრის ეზოში დაგროვილი გრუნტის წყლები კიდევ უფრო დააზიანებს კედლის მხატვრობას, როგორც მთავარ ტაძარში, ისე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ამ რისკებზე სტატია ორი თვის წინ გამოვაქვეყნეთ. მაშინ გეოფიზიკის სპეციალისტი მხოლოდ სავარაუდო დაშვებებით გვიხსნიდა, რა საფრთხე ემუქრებოდა გელათს გრუნტის წყლების გამო.

ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და დანამდვილებით ვიცით, რომ გელათის დაზიანებული მხატვრობის გადასარჩენად მხოლოდ დროებითი გადახურვის მოწყობა არ არის საკმარისი და გრუნტის წყლების პრობლემაც სასწრაფოდაა მისახედი. ეს უკვე კვლევებითაა დადასტურებული. 

“დედამიწის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექის ნაწილი ნიაღვრების სახით ჩაედინება მდინარეებში და შემდეგ გროვდება ზღვებსა და ტბებში, მაგრამ ნაწილი გაიჟონება მიწის სიღრმეში, სადაც ქმნის წყლით გაჯერებულ ჰორიზონტს, რაც გრუნტის წყლის დონედ იწოდება. თუ ეს დონე ახლოსაა ნაგებობის ფუნდამეტთან, წყალი შეაღწევს საძირკველში, სადაინაც მოხდება მისი ინფილტრაცია ნაგებობის კედლებში. სისველე გამოიწვევს დაშლით პროცესებს: დაიწყება კედლების შელესილობის გაფხვიერება და მისი ზედაპირის გამომარილება. გრუნტის წყლები მეტ-ნაკლებ სიღრმეზე ფაქტიურად ყველგან გვხვდება”, – გვიხსნიდა 73 წლის ლადო მირიანაშვილი. ის ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია გეოფიზიკის სპეციალობით და სამი ათეული წლის განმავლობაში გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. გელათის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესს ისიც აქტიურად აკვირდება.

სწორედ მირიანაშვილის დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ახალი კვლევაც, რომელიც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დაკვეთით, 2024 წლის ნოემბერში ჩატარდა. კომიტეტს გეოფიზიკური მეთოდებით კვლევის მომზადება მირიანაშვილმა ურჩია და მათაც გაითვალისწინეს.

სიტუაცია კი იკვლიეს და ანგარიშიც მოამზადეს, მაგრამ კომიტეტმა დოკუმენტი არ გაასაჯაროვა.

რა პრობლემა გამოიკვეთა გელათში გრუნტის წყლების გარშემო და რა არის გამოსავალი, ისევ სხვა წყაროსგან გავიგეთ და არა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტისგან.

ჩვენი ძალებით გამოვარკვიეთ. ლადო მირიანაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაკეთებელია წყალმომარაგების ისტორიული მილი და მოსაწყობია სადრენაჟო სისტემა. 

განაგრძეთ კითხვა  – აი ფაქტი