დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში“ – ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ.
„საქართველოს, ქართველ ხალხს, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამ ქალაქში ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ და იბრძოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები. თავისუფლება, კეთილდღეობა, თანასწორობა და ტოლერანტობა არის ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპა გამოხატავს და რომლებიც ოდითგანვე თბილისური და ქართული კულტურის განუყოფელი შტრიხები იყო. მჯერა, რომ როგორც ევროპას შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს საქართველო, ისე საქართველოს შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს ევროპა.
ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში – ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ეს გამარჯვება მოიტანა ქართული საზოგადოების ყველა თაობამ. კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროინტეგრაციისგან ყველაზე დიდი სარგებელი უნდა მიიღოს. საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს მოიტანა დემოკრატიული გარდატეხა, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ეს წარმატება ვერ შედგებოდა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსის მიეღო. მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ევროპელ დიპლომატებს და მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს“, – განაცხადა კახა კალაძემ.