ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მისმა ადვოკატმა დღეს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
„მზია წევს, უტარდება იმ ტიპის გადასხმები, რომ სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგრამ ამბობს, რომ კლინიკაში ჩატარებული კვლევები და აუცილებელი გადასხმები, კიდევ გააძლებინებს რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის ფეხზე დგომა შეძლოს. მეტყველება არ უჭირს. ბოლოს როდესაც ვნახე იმასთან შედარებით ცხადია უფრო სუსტადაა, მაგრამ ეს გადასხმები ალბათ ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებულ იქნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი, რომ შეძლოს პროცესებში მონაწილეობა“, — განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მისი თქმით, უფრო დეტალურად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე ისაუბრებს სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი, რომელიც მას დღეს მოინახულებს.
მზია ამაღლობელი 27 დღეა შიმშილობს. ის კვლევებისთვის „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს.




