2025 წლიდან, ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობის კონტექსტში, სავალდებულო ხდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენა. საქართველოს ამ ტიპის კანონთა მთელი კომპლექსი აქვს მიღებული, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდებოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა გადაიდო. რა მოუვა ქვეყანას თუ ეს უკუსვლა ეკონომიკურ კანონმდებლობასაც შეეხო, უცნობია.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შესახებ BMG კომპანია DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერ ანა ლობჟანიძეს ესაუბრა.
· რამ განაპირობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენის წესის მიღება?
ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება, მათ შორის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის სფეროში. საქართველო მონაწილეობს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტში (Moneyval), რომელიც ამოწმებს ქვეყნების თავსებადობას ფინანსურ ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებაა.
2024 წლის 9 დეკემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების წარდგენის წესს. ბრძანების მთავარი მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასება და ზედამხედველობა.
· კონკრეტულად ვის ეხება აღნიშნული წესი?
წესი ეხება სერტიფიცირებულ ბუღალტრებს, საბუღალტრო და აუდიტორულ კომპანიებს. ისინი ვალდებულნი არიან ყოველწლიურად წარადგინონ წლიური ანგარიშგება. პირველი ანგარიშგების წარდგენისას, 2025 წლის საანგარიშგებო პერიოდში, ანგარიშვალდებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შესაბამისი წლიური ანგარიშგება 2026 წლის 31 იანვრამდე. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2025 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს.
· რა ტიპის ინფორმაციას მოიცავს ანგარიშგება?
ანგარიშგება მოიცავს კლიენტსა და ბუღალტრულ ან აუდიტორულ კომპანიას შორის საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული გარიგებების შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგება შედგება 7 ფორმისგან: ზოგადი ინფორმაცია და ანგარიშვალდებული პირის მიერ დამტკიცებული დოკუმენტების ნუსხა (ფორმა №1); ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2); ინფორმაცია კლიენტთა საქმიანობის ტიპებისა და სფეროს შესახებ (ფორმა №3); ინფორმაცია კლიენტთა გეოგრაფიული არეალის და მათთან დადებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4); ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმიანობების შესახებ (ფორმა №5); ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №6); ინფორმაცია გასატარებელი ღონისძიებების/რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №7).
· როგორია ანგარიშგების წარდგენის ძირითადი პრინციპები?
ანგარიშის წარდგენისთვის დადგენილია ზუსტი ვადა, შინაარსი და ფორმა. რა თქმა უნდა ანგარიშის შედგენისას გათვალისწინებულია კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, მაგრამ მისი შინაარსი აუცილებლად გადამოწმებული და სრულყოფილი უნდა იყოს.
ბუღალტრულ და აუდიტორულ კომპანიებს დამატებით უჩნდებათ ვალდებულება ჰქონდეთ რისკების მართვის მექანიზმი და შიდა კონტროლის ეფექტიანი სისტემა.
ფაქტობრივად აუდიტორული და ბუღალტრული კომპანიების უმეტესობა ისედაც ადგენდა მსგავსი შინაარსის შიდა დოკუმენტებს, მაგრამ დღეს უკვე აუცილებელი ხდება მათი სისტემატიცია ახალი რეგულაციის ფარგლებში და მისი გადაცემა მარეგულირებლისთვის, რაც აქამდე არ მოგვეთხოვებოდა.
· რა სანქციებს ითვალისწინებს კანონმდებლობა საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში?
სანქცია შეიძლება გამოიყენონ აუდიტორის, ბუღალტრის ან უშუალოდ კომპანიის მიმართ. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ გაფრთხილება, ჯარიმა ან, უკიდურეს შემთხვევაში, კომპანიის საქმიანობის შეჩერება. შესაძლებელია სანქციის ფარგლებში ასევე მოხდეს აუდიტორული ან ბუღალტრული ფირმის რეგისტრაციის გაუქმებაც.
· როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესსექტორსა და ბუღალტრულ / აუდიტორულ სფეროზე?
ბუღალტრული და აუდიტორული კომპანიების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით საერთაშორისო ბრენდების ქვეშ მოქმედი კომპანიები, ამ რეგულაციის დიდ ნაწილს ისედაც ასრულებდნენ. ყველაზე დიდი გავლენა ამ რეგულაციას შედარებით ახალი და პატარა საკონსულტაციო კომპანიებისთვის ექნება, ვინაიდან აუცილებელს ხდის კომპანიაში მკაცრი პოლიტიკების შექმნას.
რეგულაციის რეალური გავლენა ინფორმაციის თავმოყრის ადგილის ცვლილებაა. თუ აქამდე ინფორმაცია კომპანიაში ინახებოდა და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში ეგზავნებოდა ის მარეგულირებელს, ამჯერად ინფორმაციის სრული პაკეტის მიწოდების ვალდებულება ჩნდება. თან, საკმაოდ მკაცრი სანქციების პირობებში, ინფორმაციის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ეს საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია უცხოური კაპიტალის მოსაზიდად.
· რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ ამ რეგულაციების განხორციელების პროცესში?
ძირითადი გამოწვევა ცნობიერების ამაღლებაა. ეს არ არის დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი, არამედ აუცილებელი ელემენტია ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის მიზანია უფრო გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნა, სადაც კორუფციის და უკანონო გარიგებების გამოვლენა უფრო იოლი უნდა გახდეს.
მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა რეგულაციის სწორად კომუნიკაცია შეძლოს საბუღალტრო და აუდიტორულ კომპანიებთან, რომ ამ კომპანიებმა სწორად მოახდინონ პროცედურების იმპლემენტაცია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/rute_w_h-8gLYgx-300x169.jpeg)