აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ოჯახის მხარდასაჭერად „პალიტრა L-ის“ აქციის ფარგლებში 12 541 ლარი შეგროვდა.
„პალიტრა L“-ის ინფორმაციით, ვეფხია კასრაძის ოჯახის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია, „გადაიხადე რამდენიც გინდა და გამოუცხადე სოლიდარობა სინდისის პატიმარს“, რომელიც „პალიტრა L-მა“ 24 იანვარს დაიწყო, დასრულდა. მასში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და შედეგად, სპეციალურად ამ აქციისთვის დაბეჭდილი წიგნის 7 657 ეგზემპლარი გაიყიდა.
“ოჯახის მხარდასაჭერად ჯამში 12 541 ლარი შეგროვდა, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შემდეგ 10 033 ლარი შემდეგ კვირაში სრულად ჩაერიცხება ბენეფიციარს.
მკითხველს შევთავაზეთ, მისთვის სასურველი ნებისმიერი თანხა გადაეხადა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ და ამ გზით, თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა გაეწია პატიმრობაში მყოფი ვეტერანი მებრძოლისთვის. აღსანიშნავია, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა წიგნში მკითხველმა 100 და 200 ლარიც კი გადაიხადა.
ეს აქცია ყოველთვის იქცევდა მკითხველის ყურადღებას, მაგრამ ამჯერად საზოგადოების რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ძალა ერთობასა და სოლიდარობაშია!
სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობი და რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია, 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.
თემატურია წიგნიც, რომელიც აქციის ფარგლებში იყიდებოდა. მიხეილ ჯავახიშვილმა რომანი დაწერა ყველაზე მძიმე და არასტაბილურ პერიოდში, როცა თავისუფალი აზრი იდევნებოდა, ხოლო განსხვავებული შეხედულება სიცოცხლისთვის საშიშ მტრობად მიიჩნეოდა.
ვეფხია კასრაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მას სოფელ ერგნეთში არ მიუტოვებია თავისი სახლი. მშობლიურ მხარეში მოაწყო მეურნეობა და ფერმა, რომელსაც თავად უვლის. მას ხუთი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. კასრაძის სასამართლო პროცესი 6 მარტს არის ჩანიშნული.
გარდა აღნიშნული თანხისა, ვეფხია კასრაძის შვილებს და შვილიშვილს პალიტრა L საჩუქრად გადასცემს საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ხოლო კომპანია „პეპელა“ სათამაშოების კოლექციას“, – აცხადებს გამომცემლობა “პალიტრა L”.
