მაია მწარიაშვილი: ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ …

მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი აღნიშნავს, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დირექტორს გადასხმები უტარდება. ადვოკატის თქმით, მისი ვიზიტის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იწვა და არის სუსტად, თუმცა მისი სურვილია, რომ მის პროცესამდე გაძლოს და 4 მარტს სხდომაზე დასწრება შეძლოს.

„მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, სახალხო დამცველის მიერ შერჩეული, მისი მანდატით აღჭურვილი, შესაბამისი პროფილის სპეციალისტები მოინახულებენ. მე რა შემიძლია გითხრათ თვალით – ეს ადამიანი წევს, გადასხმები, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას, ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის, სამწუხაროდ, და ეს დღეები მუდმივად ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს, მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად – პროცესი დანიშნულია 4 მარტს.

არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ კლინიკაში კვლევები უტარდება და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა. იწვა ამდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე მე იქ ვიყავი, მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ. ცხადია, უფრო სუსტად არის, ვიდრე ბოლოს ვნახე, მაგრამ ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება, პროცესზე თავად დასწრება”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას დღეს კლინიკა „ვივამედში“ ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს.