ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არასათანადოდ შეაფასეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები, რომლის მიზანსაც საქართველოს ევროპული გზისგან ჩამოშორება წარმოადგენს.
მისი თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ახლა ევროკავშირს დარჩა, საქართველოს ხელისუფლების იზოლაციაა და ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიზანს ქართველი ხალხის დასჯა არ წარმოადგენს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მიმდინარე პროცესები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად და აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მიმართ მეტი რეგულაცია დაწესებას – ამ და სხვა საკითხებზე პეტრას აუსტრევიჩუსმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
– უკვე 70 დღეზე მეტია, რაც მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ბატონო პეტრას, როგორ შეაფასებდით საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს? როგორია თქვენი პოზიცია საპროტესტო აქციებზე და აქციის მონაწილეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების დაკავებაზე?
– გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯეროდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა ასეთი ცუდი ყოფილიყო, როგორც ეს ახლა ხდება. მაგრამ, ალბათ, ჩვენ არ შევაფასეთ და არასათანადოდ შევაფასეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები საქართველოს ევროპული გზის დასასრულებლად. ისინი მოქმედებენ განსხვავებული სცენარით, ავტორიტარული რეჟიმის სცენარით, პლურალისტური საზოგადოების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების გარეშე, ძლიერი ოპოზიციის გარეშე. ეს აბსოლუტურად რუსული გზაა, აღმოსავლური გზა. ეს ძალიან ცუდი ამბავია ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ ყველაფრის გავლენა იქნება აბსოლუტურად დამანგრეველი. და ეს უკვე ასეც არის.
შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ. მე პირადად უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ. ვგულისხმობ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მომავალ კვირას გვექნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს. მე ნამდვილად მინდა დავინახო, [ევროკავშირის] წევრი ქვეყნები, რომლებიც მიჰყვნენ ამ ხაზს. ზოგიერთ დედაქალაქსა და თბილისს შორის არ არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ან განსხვავებული ურთიერთობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში. ან აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო მართლაც აღმოსავლეთით წავა. ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს.
– ევროკავშირის ინსტიტუტებსა და დედაქალაქებში ბევრი დისკუსია და მოსაზრება არსებობს საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ გარკვეული ნაბიჯების გადადგმისა და შეზღუდვების დაწესების შესახებ. მაგალითისთვის, 27 იანვარს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. ბევრმა ქვეყანამ „ქართული ოცნების“ ლიდერებს პერსონალური სანქციები დაუწესა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა? საჭიროა თუ არა თქვენგანაც მეტი რეგულაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ?
– რაც გაკეთდა, არ არის საკმარისი. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ ბევრი თანამშრომლობის პროექტი და პოლიტიკის ხაზი, მათ შორისაა იზოლაცია. იზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ხალხისთვის და ამას ქვეყანა იგრძნობს,მაგრამ ავტორიტარული დიქტატურის რეჟიმებს რომ ებრძოლო, რაღაც უნდა გააკეთო. როგორც ამას ვაკეთებთ ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების კატეგორიაშია. ჩვენ არ გვინდოდა ამის დანახვა, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის არჩევანია. ჰკითხეთ მათ, რატომ აკეთებენ ამას. ვფიქრობ, ამ მხრივ უფრო იზოლაციონისტები უნდა ვიყოთ.
– ნება მომეცით, ჩაგეკითხოთ, ქვეყნის და ზოგადად ქართველი ხალხის იზოლირებასაც გულისხმობთ თუ მხოლოდ ხელისუფლების…
– მთავრობის, რა თქმა უნდა. მე არ ვსაუბრობ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს. არავითარ შემთხვევაში. სანაცვლო ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ; მინსკში უნდა წავიდნენ. მათი პარტნიორები იქ არიან და არა ბრიუსელში ან ვილნიუსში.
– თუ ხედავთ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან დეესკალაციის შანსს? რა ნაბიჯები უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად?
– არჩევნები. ეს ძალიან საბაზისო რაღაცაა. მათ შეცდომა დაუშვეს. არჩევნების დროს იყო გაყალბება, დიდი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, ბევრი დაშინება და ძალადობაც კი გამოიყენეს დამოუკიდებელი დამკვირვებლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ამისთვის მათ უნდა გადაიხადონ ფასი და უნდა შეიმუშაონ გეგმა. ჩვენ ვთქვით, არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენს რეზოლუციებში, რა არის გასაკეთებელი,თუმცა, არანაირი პასუხი [არ ისმის] თბილისიდან. ბურთი ახლა თბილისის მოედანზეა.
– და ჩემი ბოლო შეკითხვაა, რას ეტყოდით ქართველ ხალხს, რომელიც 70 დღეზე მეტია დგას დემონსტრაციებზე და ითხოვს თავისუფალ არჩევანს და რომლის მნიშვნელოვანი უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას?
– ნუ იქნებით იმედგაცრუებულები. არ მოგატყუოთ მმართველი პარტიის ოფიციალური პირების პროპაგანდამ. იმედია ქართველები საღი აზროვნების ხალხია. ისინი ყველაფერს ისე ხედავენ, რა გზითაც მიდიან. [ხელისუფლების] პროპაგანდაში დიდი საშიშროებაა, ამ ომზე ან მშვიდობაზე საუბარი და ა.შ. ის შექმნილია არა ქართველების, არამედ პუტინის რეჟიმის მიერ. ამიტომ ხალხმა უნდა გააცნობიეროს რეალური საფრთხეები. კრემლში არიან ადამიანები, ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით პიარი და კომუნიკაცია. მათ იციან, რომ ქართველებს ეშინიათ და მათ ჯერ კიდევ აქვთ მოგონებები 2008 წლიდან. ისინი უბრალოდ იყენებენ ამ არგუმენტს და იყენებენ ამ რიტორიკას სოციალური ზეწოლისა და გაურკვევლობის გაზრდის მიზნით. ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ამიტომ ნუ მიჰყვებით კრემლის პროპაგანდას, რომელიც ხანდახან ქართულ ენაზე საუბრობს.
ბექა ბერიაშვილი
„ინტერპრესნიუსი“