ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში ცენტრალური გამზირები და ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით საზეიმოდ მოირთო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის მერიის ცნობით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საერთო სახალხო შეკრებას, მოსახლეობა რუსთავიდანაც შეუერთდა.
,,რუსთავი უერთდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და იმ სიხარულს, რომელიც დღეს თითოეულ ქართველს გვაქვს. სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით უფასოდ ივლის ავტობუსები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რუსთაველი შეუერთდება საერთო სახალხო ზეიმს ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
თბილისში გამგზავრების მსურველთა ტრანსპორტირება რუსთავის მერიამ მუნიციპალური ავტობუსებით უზრუნველყო. დილიდან თბილისი-რუსთავის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.