გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თქვა, რომ დაჯგუფება M23-ის მებრძოლებსა და ეროვნულ არმიას შორის ბრძოლებში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთის საკვანძო ქალაქზე კონტროლისთვის მოხდა, თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა.
ვივიან ვან დედ პიერმა, კონგოში გაეროს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟურნალისტებს ვიდეოკავშირის მეშვეობით ქალაქ გომადან უთხრა, რომ გაეროს გუნდები M23-ს ქალაქის ქუჩებიდან გვამების აკრებაში „აქტიურად ეხმარებიან “. მან თქვა, რომ ამ დროისთვის 2000 გვამი აკრიბეს და კიდევ 900 უკვე საავადმყოფოების მორგებშია.
„მოველით ამ რიცხვის ზრდას“, თქვა მან. „ბევრ ადგილზე ჯერ კიდევ ბევრი გვამი იხრწნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნამდვილად შეშფოთებულია, თუ ამან რა სახის ეპდემიების აფეთქებას შეიძლება შეუწყოს ხელი.“
იანვრის დასაწყისში, M23-მა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და რუანდის არმიის მხარდაჭერით, წიაღისეულით მდიდარ აღმოსავლეთ ნაწილში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო. 27 იანვარს M23-მა გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კივუს პროვინციის დედაქალაქი გომა დაიკავა, სადაც მილიონზე მეტი მცხოვრებია. ქალაქში ათასობით ადამიანია, რომელიც სხვა კონფლიქტური ადგილებიდან გადასახლდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, მეამბოხე დაჯგუფება M23-ის მხარდაჭერაში რუანდას ბრალი არაერთხელ დასდო, თუმცა რუანდა ბრალდებებს უარყოფს. რუანდა, თავის მხრივ ბრალს სდებს კონგოს, რომ თანამშრომლობს რუანდის გამათავისუფლებელ დემოკრატიულ ძალებთან, შეიარაღებულ ჰუტუ ჯგუფთან, რომელსაც კავშირი აქვს 1994 წლის რუანდის გენოციდის ჩამდენებთან. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამ ბრალდებას უარყოფს.