დღეს, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რევაზ კიკნაძის სავარაუდო სამართალდარღვევის სხდომა ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიკნაძეს, რომელიც ზუსტად ორი თვის წინ, სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ამჯერად აქციაზე აკრძალული ნივთის – ქვის ხელში დაჭერას ედავება. სამინისტროს მტკიცებით, კიკნაძემ სამართალდარღვევა დაკავებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე -25 ნოემბერს ჩაიდინა. ამის მიუხედავად, უწყებამ მას სამართალდარღვევის ოქმი მხოლოდ 2,5 თვის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ შეუდგინა.
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ფიქრობს, რომ შსს-მ დაკავებულის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დარღვევის საქმე მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დასამძიმებლად დასჭირდა.
შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო-მტკიცებულებისთვის ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლით ადვოკატმა საქმის გადადება მოითხოვა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი აქვეყნებს წერის, რომლის წაკითხვაც უნდოდა კიკნაძეს, მოსამართლეს ამის საშუალება რომ მიეცა. “ნეტგაზეთი” სრულად გთავაზობთ პატიმრის წერილს:
„აქ უნდა შემომეტანა მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“, მაგრამ ციხეში არ შემოაგზავნინეს ჩემებს. თქვენი აზრით, რატომ? – წიგნებს უკანა ყდაზე აწერია მოკლე აღწერა. ამ წიგნის აღწერის ყველა წინადადებაში ნახსენებია სიტყვა „დიქტატორი“. ნამდვილად, „ვაცის ნადიმი“ მასთან სიახლოვე კი არა მის სახელთან მცირე კავშირიც კი, არც იმათ, ვინც უწინ მის მხარეს იყო, ვინაიდან თავის დროზე მხოლოდ შიში და ძალაუფლება აკავებდათ და არა სიყვარული. რა უნდა სიყვარულს დიქტატორთან. ბოლოს ყველანაირი ძალაუფლება ქრება და მხოლოდ სირცხვილიღა რჩება, საკუთარი გუნდელებიც კი ტოვებენ და ეცლებიან, კვდება სიმარტოვეში, სიკვდილის შემდეგ კი მხოლოდ წყევლითღა გაიხსენებენ… მოდი, წიგნების თემას ბარემ გავაგრძელებ: სტატისტიკები მიყვარს, თან ნებისმიერ სფეროში და რაც არ უნდა უცნაური იყოს დაახლოებით შარშან გავაკეთე ჩემი ტოპ სამი „სასამართლოზე ნათქვამი სიტყვა“ წიგნებში, რომელიც მერე ტოპ ხუთად იქცა. სიაში პირველ ადგილს უკონკურენტოდ იკავებს ჰოუვარდ რორკის სფიჩი აინ რენდის „პირველწყაროდან“, იქვეა ტირიონი „გოთიდან“, ატიკუს ფინჩი „ნუ მოკლავ ჯაფარადან“. სიაშია აგრეთვე „ძმები კარამაზოვები“ და „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“. რას წარმოვიდგენდი ოდესმე ამ სიას საკუთარ თავსაც თუ დავუყენებდი. რანაირად უნდა გამეფიქრა ამაზე თუნდაც ერთი წამით, როცა ცხოვრებაში ერთი დანაშაულებრივი ქმედება, ერთი უბრალო ჯარიმაც კი არ მქონია ავტობუსის კონტროლიორისგან. ყოველთვის ვიცავდი და ვიცავ კანონს და წესრიგს. სამწუხაროდ, ახლა უკანონობა გახადეს კანონი. ამ სიაში მყოფ სფიჩებს ერთი საერთო აქვთ. ყველას უსმენს მოსამართლე მთელი გულისყურით და გადაწყვეტილება ისე გამოაქვს. ზოგ შემთხვევაში წაგებული სასამართლოც ტრიალდება ბრალდებულის მართალი, ემოციური, გულიდან წამოსული სიტყვით, ვინაიდან პირველ რიგში ადამიანია მოსამართლე, რომელიც საკუთარი ფიქრით და დაკვირვებით იღებს გადაწყვეტილებას. აქ კი რასაც ვუყურებ მხოლოდ რობოტები მხვდებიან და არა ადამიანები. რობოტი არის სხვის მიერ შექმნილი კონსტრუქცია, რომელსაც თავისი ნება არ გააჩნია ფუნქციონირების, არც უფლება, არც შესაძლებლობა. დამოუკიდებელი სახით არ შეუძლია არსებობა. შემქმნელმა უნდა მომართოს, დააპროგრამოს მისი სურვილისამებრ და შემდეგ იწყებს ამუშავებას. ბავშვობაში ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო „რობოტა და რობოტუნები“, სკოლაში ისე არ მივდიოდი, სანამ არ ვნახავდი და რას ვიფიქრებდი, თუ ორი დეკადის მერე საყვარელი მულტფილმი შემძულდებოდა. შემძულდა, რადგან აქ დამხვდნენ რობოტა და რობოტუნები. მოდი, ცოტა რაღაცას რუსულ მთავრობას და მათ ამომრჩეველსაც ვეტყვი: რაზე ტირით ხოლმე? როდესაც გიორგი ტერიშვილის დედა ჰყვება, როგორ მოკლეს მოღალატეებმა აქციებზე სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში მისი ერთი შვილი და გიოს მიმართავს – დედა, ნუ გეშინია აწი მე ვივლი შენს ნაცვლად მიტინგებზეო, არ გეტირებათ? როცა მათე დევიძის ბებოს ცრემლნარევ გამოსვლას უყურებთ, რომელიც ტირილით ამბობს, ვინმემ მაინც მითხრას, რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა ქვეყნის სიყვარულისთვის რატო სჯით და ახალ წელს სახლში რისთვის არ შეახვედრეთო, არც ამაზე? ბატონი ვეფხოს წერილში ამოკითხული „ადრე ხუთი შვილი მყავდა და ახლა რვა შვილის მამა ვარ. ბედნიერი ვარ მათთან ერთად ლუკმის გაყოფით“, გგვრით ცრემლებს? ან გოშაძის, მინდაძის და სხვა ტყვეების დედების ემოციური გამოსვლები? აბა, მაშინ რა ადამიანი ხარ? ან ადამიანი ხარ საერთოდ? შენი სიცოცხლის არსი და აზრი რა არის, მითხარი? ჭამო და იძინო მხოლოდ? აქ დამეგობრებული უკარგესი ბიჭის ცოლმა მუცლადმყოფი ტყუპი შვილები დაკარგა მხეცი და კრიმინალი ვითომ პოლიციელების ძალის გადამეტების გამო და ეს შენთვის არაფერს ნიშნავს, ხო? გული როგორ გიძლებთ, როცა ასეთ ვაჟკაცებს მტრის დავალებით ტყვეობაში ამყოფებთ უმიზეზოდ? ძილის წინ არ გინდა დაფიქრდე ხოლმე, როცა მოკვდები შენზე რას გაიხსენებენ? როცა მოკვდები, მაგინებელი უფრო მეტი გეყოლება თუ მაქებარი? შენი ფიქრის მიმართულება მხოლოდ ფულზე, კუჭზე და ძალაუფლებაზე გადის? ძალაუფლება და ფული რომ წარმავალია, მაგრამ სახელი რჩება, მაგას ვერ ხვდები? ადამიანი იმით ფასობს, რას იტყვიან მასზე სხვები – „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“. რატომ ხარ შენ ის ნაგავი, რომლის გადაყრასაც მთელი მსოფლიო ცდილობს, ერთადერთის გარდა – გარდა რუსეთისა?! რატომ გგონია, რომ მთელი მსოფლიო და შენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი მტყუანია და შენ ხარ მართალი? შენ, რუსეთი და ირანი… შენ ხარ ჩირქი, რომელიც თავის დროზე არ ამოვიღე, დაჩირქდა, გასივდა, სხვა კბილებიც გააფუჭა და მერე საკმაოდ გართულდა მოშორება, შესაბამისად ტკივილიც მეტი დატოვა… ბადრაგმა მკითხა შენი სიბრძნის კბილი თან რატო არ წამოიღეო. სიცილით ვუპასუხე – ისეთი აბსურდული, არარსებული სისულელეების გამო მომიყვანეს აქ, ზედმეტი შარი აღარ მინდა. არ იქნება გასაკვირი სიბძნის კბილი ცივ იარაღაც მომინათლონ და ტარება-შენახვისთვის წლები დამიმატონ-მეთქი. ხალხო, თქვენ რაღამ დაგიხშოთ გონება და ფიქრის უნარი ასე? რატომ დაგაჯერეს, რომ მონობა მშვიდობაა და ძალადობა სამართალდაცვა? ელემენტარული აზროვნება მაინც არ შეგიძლიათ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები თქვენით შეაფასოთ და არა სხვისი კარნახით? გლობალური ომის პარტიას და დიფსთეითს როცა ახსენებთ, თავადაც ვერ ხვდებით, რა არის ან სად არის, თავი სასაცილოდ არ მიგაჩნიათ ხოლმე? დემენტორები, თეთრი მოსიარულეები, სხვები“ ან აკაცუკის წევრებიც რომ გვიწოდონ, ამასაც შემოულაწუნესავით გაიმეორებთ ხომ, მიუხედავად არანაირი მტკიცებულებისა და საფუძვლისა? საკუთარი იდენტობა გაგაჩნიათ, ან თავისუფლად გრძნობთ თავს? მე ციხეში ყოფნის მიუხედავად, ყველაზე თავისუფალი ვარ ახლა. მაგალითად: მე ვერავინ მმართავს, სხვის სიტყვებს და აბსურდულ თეორიებს არ ვიმეორებ და საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად სხვისი თანხმობა არ მჭირდება. თავისუფლება თქვენ ხორცის ზეიმი და სხეულის ფიზიკური მდგომარეობა ხომ არ გგონიათ? სულია მთავარი, შენს თავთან მარტო დარჩენისას, საკუთარი თავი მე არ შემზიზღდეს – აი, რა არის მთავარი. წარმოიდგინე შენი თავი შენს თავს შენს თავზე ესაუბრება. რას ეტყოდი? 16-წლიან დიქტატურას ერთჯერადი ფულის ან სამსახურის გამო ხმა რატომ მიეციო, არ გეტყოდა? დასარბევად აღჭურვილი კაცისმკვლელი ომონებისგან ნაცემ ქალებს და ბავშვებს როცა ხედავ და შენ მაინც გიწევს თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო; და ამ პატარა გოგომ ამხელა იარაღასსხმულ საცემრად გაწვრთნილ ძალოვნებს ბოთლი ან პიროტექნიკა ესროლა, ეს როგორ შეიძლებაო, ამას რომ ამბობ, ვინაიდან ბელადი არ გაძლევს, რასაც რეალურად ფიქრობ იმის თქმის უფლებას, რაღაც რიგზე ვერ გაქვსო, არ ეტყოდა? მოსახლეობის 85%-ზე მეტი ან მშიერია, ან ვალებში იხრჩობა, მაგრამ შენს სათაყვანებელ არხზე ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და აქ ყველა ბედნიერია, ეზეიმებაო, ამას გაჯერებენ, თავს რატომ ისულელებო, არ ეტყოდა? არა ომსო შემოადგეს პროპაგანდად, ვითომ ვინმეს უნდოდეს ომი, მათი მმართველი ბნელეთის ქვეყნის გარდა, მაგრამ როდესაც გეომებიან თავიც უნდა დაიცვა, სულ რომ წინასწარვე იცოდე წაგებულია. ქართველებმა ასე ვიცოდით ოდითგანვე, თავგანწირული ბრძოლის შედეგად მივედით აქამდე. ახლა კი გვეუბნებიან მტერს დაემონე და უბრძოლველად ჩააბარე სამშობლოო. წლების მერე მომავალ თაობას რა პასუხს გასცემთ შეგვეშინდა ბრძოლის, მონობა ვარჩიეთ და ამას მშვიდობა ვუწოდეთო? სჯობს ბრძოლაში მოკვდე, ვიდრე მთელი ცხოვრება იმას ფიქრობდე, ნეტა, მებრძოლა მაინცო… „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“. რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, სადაც მტრის მაქებარი, მხარდამჭერი და მისი პარტნიორი უნდა იყო, იმას უცინო, ვინც ტერიტორიები წაგართვა და ამდენი გმირი მოგიკლა, ვინაიდან მშიშარა და მხდალი ხარ. რა ჰქვია მთავრობას, რომლის ნაბიჯებსაც მხოლოდ ყველაზე დიდი მტერი აქებს და სხვა არავინ? სანამ გერმანელები გაზის კამერებში დასაწვავად შეაგდებდნენ, ებრაელებმა ასეთი წარწერების გაკეთება მოასწრეს საკონცენტრაციო ბანაკებში: „თუ ღმერთი მართლა არსებობს, უნდა შემევედროს რომ ვაპატიო“. უსამართლობის მოთმენაა ყველაზე რთული. დაახლოებით მსგავსი ფიქრები მაქვს ყოველ ახალ დღეს, როდესაც სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილ ტყვეებს ისევ ციხეებში, ხოლო მოღალატე გამყიდველებს კვლავ სამთავრობო სკამებზე ვხედავ… ისე მეც დავწერე ორი რაღაც ჩემი საკნის კედელზე, ზუსტად საწოლის თავზე: „აქ იყვნენ სამშობლოს სიყვარულისთვის დატყვევებულები“ და „მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა, ქართველი რუსთან ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს“. ჩემი საყვარელი სერიალის საყვარელი პერსონაჟი თავის კორუმპირებულ სასამართლოზე ასეთ რაღაცას ამბობს: „ნეტავ მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ. ნეტავ, ნამდვილად მქონოდა შესაძლებლობა მე მომეწამლა ჯოფრი. თქვენი პატარა არამზადის სიკვდილმა უფრო დიდი სიამოვნება მომანიჭა, ვიდრე ათასმა მეძავმა ერთად. მე მხოლოდ იმის გამო ვისჯები, რომ ჯუჯა ვარ. ვიცი, აქ სამართალს ვერ ვიპოვი, ამიტომ ღმერთებს მივანდობ ჩემს ბედს. ორთაბრძოლით გასამართლებას მოვითხოვ“. რაღაცით ჰგავს ჩვენს დღევანდელ ყოფას, ხო? უდანაშაულო ტირიონი მხოლოდ იმის გამო ისჯდებოდა, რომ ჯუჯა იყო, უდანაშაულო მეს, კი სამშობლოს სიყვარული მედება ბრალად. ისე როგორ ანომალიურ ქვეყნად ვიქეცით რუსული ხელისუფლების ხელში, დააკვირდით? – გვაქვს უსამართლო სასამართლო და კრიმინალი პოლიცია. ყველაფერს აქვს ორი მხარე – მოდი, დადებითი კუთხიდანაც შევხედოთ „მოსამართლეთა“ უსამართლობის რეციდივს. თქვენი წყალობით, ვინაიდან წინასწარ ვიცოდი, რაც მოხდებოდა წინა სასამართლოზე, შაურმები მოვუგე ჩემს მეგობარ რუსლანს. მისგან განსხვავებით მე მთელი დღე ვამბობდი – არავინ გაგვიშვებს, ტყუილად ნუ გაქვს იმედი, წინასწარ აქვს ბელადს გადაწყვეტილი ყველაფერი-მეთქი… ის უკრაინადანაა, კარგად ვიცის სხვა ქვეყნების სიტუაცია და დარწმუნებული იყო უდანაშაულო ხალხს პატიმრობაში არ დაგვტოვებდნენ, ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. სამწუხაროდ, აქ სასამართლოშიც კი არ აინტერესებთ დამნაშავე ხარ თუ უდანაშაულო… აქ უფრო ის აინტერესებთ რუსეთისკენ და აზიისკენ იხრები, თუ ამერიკა-ევროპისკენ და ამ უკანასკნელის გამო გიყენებენ ბრალს. დღიურს ვაწარმოებ და ყოველდღე ჩანაწერებს ვაკეთებ. ყველა თავს თავისი სათაური აქვს. იმ დღის აღწერას, როცა დამაკავეს და მთელი დღე მუქარა-შანტაჟში ვიყავი, „ვატერლოო თუ აუსტერლიცი?“ დავარქვი. ვატერლოო და აუსტერლიცი ნაპოლეონის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა: ერთში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა, მეორეში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ახლა თავად განსაზღვრეთ დღე, როდესაც დამიჭირეს ჩემთვის ყველაზე დიდი მარცხი იყო, თუ გამარჯვება, იმის ფონზე, რომ თქვენ თავისუფლად ვერც კი ქეიფობთ შეურაცხყოფების გარეშე და გინების კორიანტელი რომ არ დაგხვდეთ ხალხის, საყვარელი ჯგუფის კონცერტზე წასვლაც არ გერგებათ, საკუთარი კორპუსის ლიფტშიც ვერ შედიხართ მშვიდად – ყველგან ზიზღს აწყდებით. მე კი დარწმუნებული ვარ, როგორც კი ქუჩაში გავალ, ჩემთვის უცნობ ადამიანთა ჯარი შემხვდება, რომლებიც სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ. ვიცი, რომ ტყუილად ვსაუბრობ ამდენს და აზრი არ აქვს. მოსამართლემ „სასამართლოს“ დაწყებამდე იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასეა, როდესაც მარიონეტივით მართული და ფუნქციადაკარგულია უწყება. ასე ხდებოდა ჰიტლერისნაირი ტირანების რეჟიმის დროს, ასე იყო არქიფო სეთურის სამყაროში, ასე ხდება ახლაც – 16-წლიანი, ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობის პირობებში. ისე პოლიცილებს ვურჩევდი ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ წაეკითხათ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენს კოლეგაზეა, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს შლის და მერე გონება გაუნათდება. იქნებ თქვენი გონების შველა და გადარჩენაც შეიძლება. „პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს, რომ არ დაადგას ქედზე უღელი, არ დაამციროს ადამიანში ყველაზე დიდი მონაპოვარი ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი – თავისუფლება“. სიბერეში შვილიშვილი როცა მკითხავს, „ბაბუ, ქვეყნის ბედი რომ წყდებოდა, როცა ხალხი ქვეყნის გადასარჩენად იბრძოდა და თავისუფლებისთვის თავს სწირავდა, შენ სად იყავიო?“ რას უპასუხებ – ხელს ვუშლიდი ამაშიო? „ტიფლისში“ ერთ-ერთი პერსონაჟი რუსის ხალხს ეუბნება: „იმ წესრიგის დედა ვატირე, სადაც მე მოღალატე ვარ, შენ კი გმირიო“. ზუსტად ეგ განცდა მიჩნდება, როდესაც ჩვენი ვაი-მთავრობის მიერ დაქვემდებარებულ, არადა, წესით ნეიტრალურ, უწყებებს ვუყურებ: „იმ წესრიგის დედა ვატირე, სადაც მე მოძალადე ვარ, თქვენ კი კანონდამცველი“. დაბოლოს, ჩემმა მეგობარმა, ნინო წვერავამ მკითხა ერთხელ, როგორ წარმოგიდგენია ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძვიო, ამაზე მთელი დღეც შემიძლია ვისაუბრო და ერთ წინადადებაშიც ჩავატიო მთელი სათქმელი. მოდი, ამჯერად მარტივი პასუხით შემოვიფარგლები: ქვეყანა, რომლისთვისაც ვიბრძვი იმ სითბოთი და სიყვარულით სავსე წარმომიდგენია, როგორი სითბო და სიყვარულიც ტრიალებს ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე“, – წერია რევაზ კიკნაძის წერილში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/a37819-300x225.jpg)