კახა კალაძე „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს არის მოგონილი სიცრუე – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გარეშე

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ რაღაც შეზღუდვა მოხდეს, არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნას. კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია იმოქმედოს, გამოხატოს მისი მოსაზრება მშვიდობიან ფორმაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის განმარტებით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულია.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის თქვენს მიერ მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებითაც, რომელიც შეფუთეთ როგორც „რუსული კანონი“. როცა ჩვენ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, თქვენ ამას უარყოფდით, დღეს უკვე, ამერიკის შეერთებული საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების თანხები. ძირითადად გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობები გადაეყენებინათ, რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ და როგორც თქვენ გინდათ, ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებდით თქვენი თქვენი ტელევიზიის ჩართულობით, იმ ადამიანებით, ვისაც ახალისებდით, უამრავი ადამიანი დაღუპეთ, უამრავ ადამიანს აურიეთ ცხოვრება, თქვენ ხართ მთავარი, რადგან ყოველდღიურად წამლავთ მოსახლეობას, წამლავთ ახალგაზრდობას ცრუ, არასწორი ინფორმაციით და ხელს უწყობთ პოლარიზაციას, დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. ვიღაცას შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ გვექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, მაგრამ ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მ.
რაც შეეხება კითხვას, სატრანსპორტო კვანძების შესახებ, თუ სად იქნება აკრძალული აქციების ჩატარება, თბილისის მერის თქმით, კანონში განსაზღვრულია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა გადაკეტვაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები განსაზღვრულია. შეიძლება რაღაც მიემატოს, ან გამოაკლდეს. მაგალითად, ქალაქის გასასვლელი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და მის გადაკეტვას ცდილობდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ რაღაც შეზღუდვა მოხდეს, არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია იმოქმედოს, გამოხატოს მისი მოსაზრება მშვიდობიან ფორმაში, მთავარია, იყავით სამართლიანები და ისაუბრეთ სიმართლე“, – განაცხადა კალაძემ.