“1924 წელს ქვეყანამ ნახა პირველი გაკვეთილი, რომ შესაძლებელია არ ჩაატარო სასამართლო და ადამიანები პირდაპირ დახვრიტო ვაგონში, ან დახოცო სიმინდის ყანებში და ყველგან, სადაც მოიხელთებ. ქართულ საზოგადოებას ასეთი რამის წარმოდგენაც არ შეეძლო. საზოგადოების ხერხემალი სწორედ მაშინ გაიბზარა, 1924 წელს. მათ მოახერხეს, შეეშინებინათ ადამიანები და ეჩვენებინათ, რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ.
შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ ერთ ეზოში შეყარო ათეულობით მამაკაცი 15 წლიდან ზევით და ქვებით განტვინო? თელავში სატუსაღოში შეაყოფინეს ტყვიამფრქვევს თავი და ვინც სარდაფში იყო, ყველა ერთიანად დახოცეს. რომელი განაჩენი, რომელი სასამართლო… ადამიანებს ამის წარმოდგენა არ შეეძლოთ.
რეპრესიების ავტორებმა ზუსტად იცოდნენ, რაც გააკეთეს. ერთი, რომ შემოიტანეს შიში და მეორე, რომ ადამიანები გააქციეს საკუთარი ადგილებიდან. მემამულეები, რომლებმაც ამ ჟლეტას გამოასწრეს, ქალაქში გამოიქცნენ.
თუ თქვენ უბრალოდ გადახვიდოდით ხაშურიდან თბილისში _ აღარ გდევდნენ. იქ, თავის ადგილზე არ უნდა ყოფილიყო ადამიანი. ამით მთელი სოციალური ქსოვილი მოარღვიეს. დაირღვა საზოგადოება, როგორც მთლიანობა.
შემდეგ იყო რეპრესიების წყებები და ყოველ ჯერზე კიდევ ირღვეოდა, კიდევ ირღვეოდა, კიდევ ირღვეოდა. ბოლოს კი, 60-იან წლებში, მთლიანად დაემსხვრა ხერხემალი იმ ძველ საქართველოს.
ერთხელ მოვალეობა ახსენა მამაჩემმა, 1964 თუ 1965 წელია და პასუხი იყო ასეთი _ „კარგი, ერთი, რად გინდა ასე რთულად ცხოვრება. როგორც გვეცხოვრება, ისე ვიცხოვროთ.“ აი, ამას მიაღწიეს.
შემდეგი თაობის, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც თავის ხელობაში ბევრი კარგი რამ გააკეთეს, სოციალურად ინდიფერენტულები გახდნენ. სინამდვილეში, ეს იყო ხელის ჩაქნევა _ მაინც არაფერი გამოვა და ვიხეიროთ ახლა, ვისაც როგორ გამოგვივა.
გვერდით არსებობდა ეგრეთ წოდებული „პრივილეგირებული ფენაც“ _ გამოარჩევდნენ ვიღაცას, აავსებდნენ დიდებით და პატივით.
ყველამ ვერ გაუძლო ამ ცდუნებას. და მათ შორისაც იყვნენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთა ქცევა საზოგადოების ნორმებში არანაირად არ ეწერებოდა. თუმცა, ნიჭს მაინც ვერ უკარგავდნენ და მათ მიმართ გაორებული დამოკიდებულება იყო.
მერე უკვე, 70-იანი წლებიდან, სრული საშინელება მოხდა: ყველა კატეგორიის ადამიანის აღრევით შეიქმნა ე.წ. „ელიტა“, რაც პირწმინდად ამხანაგ შევარდნაძის შემოქმედებაა. ამ გასაოცარ „ელიტაში“ ერთმანეთის გვერდით არიან ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი, ნიჭიერი და უღირსი ადამიანი და ყოველნაირად წამხდარი ადამიანი. და მათ ყველას ერთი სახელი ჰქვია.
თუმცა, ისიც იყო, რომ ნიჭიერს მთლად ვერ უღობავდნენ გზას. მაგალითად, თუ ჩვენს ხელობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა რაღაცას მიაღწია, იმიტომ შევძელით, რომ მხარდაჭერა გვქონდა. ქართველი ინტელიგენტები ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის შვილებს.
მაგრამ მერე ამან ძალიან მახინჯი ფორმები მიიღო. მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სისტემა კორუფციაში ჩაეფლო. თან ნეპოტიზმიც ყვაოდა.
მერე უკვე, ასე ვთქვათ, ნამდვილ ადამიანებს სამოქმედო არე შეუვიწროეს. სანამ ისინი იყვნენ ბევრნი ინტელექტუალურ ხელობებში და ეს, ასე ვთქვათ, „წითელი პროფესორები“ იყვნენ ცოტანი, ამათ მეტი შეეძლოთ. მერე, როცა ისინი მოამრავლეს, ამათ ძალიან შეუზღუდეს სამოქმედო ასპარეზი. და ესეც იყო რეპრესიების ერთ-ერთი მიზანი, ჩემი ღრმა რწმენით. ძველი ყაიდის ადამიანები იყვნენ განმხოლოებული ნაწილაკები სიცარიელეში”.
დიმიტრი თუმანიშვილი.
კულტურა პლუს
2 (16) 2019