შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ სამთავრობო გემებს პანამის არხის გავლით გადასახადის გადახდის გარეშე გაცურვის უფლება მიეცემათ, – ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეერთებული შტატების სამთავრობო გემებს ახლა შეუძლიათ პანამის არხის ტრანზიტით გავლა გადასახადის გარეშე, რაც დაზოგავს აშშ-ის მთავრობას მილიონობით აშშ დოლარს წელიწადში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კვირას გამართული მოლაპარაკებების დროს პანამამ შეერთებულ შტატებს დათმობები შესთავაზა. მისი თქმით, პანამის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უსამართლობაა, როცა შეერთებული შტატები სასიცოცხლო მნიშვნელობის არხს იცავს და ამავდროულად, მისი გამოყენებისთვის გადასახადი ეკისრება.