„HORECA სექტორში სასტუმროების წილი მცირდება“ – სასტუმროების ბრუნვამ წელს 823.9 მილიონი ლარი შეადგინა

„HORECA სექტორში სასტუმროების წილი მცირდება“ – სასტუმროების ბრუნვამ წელს 823.9 მილიონი ლარი შეადგინა
2023 წლის I-III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებზე გაწეულმა ხარჯებმა 4.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი დანახარჯების 39.7%-ს შეადგენს. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განთავსების საშუალებების წილი მთლიან დანახარჯებში 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვამ 823.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლის მაჩვენებელს 10.2%-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ რიცხვს, 2023 წლის I-III კვარტალში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასტუმრო სექტორში ბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა.
„აგრეგირებულ სექტორში (HORECA) სასტუმრო სექტორის წილი მცირდება. 2023 წლის III კვარტალში HORECA სექტორის ბრუნვაში სასტუმრო სექტორის ბრუნვის წილმა 44% შეადგინა, რაც ნაკლებია როგორც 2022, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით. ამის მიზეზი კი, შესაძლებელია, იყოს პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ცვლილებები ვიზიტორთა მახასიათებლებში“, – აღნიშნულია PMC Research-ის ანგარიშში.
2023 წლის I-III კვარტალში, 2022 წლის I-III კვარტალთან შედარებით, იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც საქართველოში სტუმრობისას დასარჩენად ირჩევენ სასტუმროებსა (-1.8 პპ) და საოჯახო სასტუმროებს (-1.0 პპ) შემცირდა. ამავდროულად, გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც ქირაობენ სახლს/ბინას (+2.7 პპ) ან რჩებიან მეგობრის/ნათესავის სახლში (+1.0 პპ).
2023 წლის I-III კვარტალში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში შეადგენდა 14,315 ადამიანს1, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის I-III კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ს შეადგენს. სასტუმრო სექტორში დასაქმების დინამიკა HORECA-ში დაფიქსირებული საერთო დინამიკის მსგავსია. თუმცა, 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში დასაქმების წლიური ზრდა ჩამორჩება HORECA სექტორში დასაქმების ზრდას (+9.1% წლიურად).

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა